მიხეილ სააკაშვილის დაკავება

გორდონი: თბილისში შემოსვლის უფლება არ მომცეს, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია

უკრაინელი ჟურნალისტი, დმიტრი გორდონი საქართველოში არ შემოუშვეს. ინფორმაცია ამის შესახებ მან თავად გაავრცელა. საქართველოში არშემოშვების ფაქტს უკრაინელი ჟურნალისტი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკავშირებს, რომელთან ციხეში შესახვედრადაც ჩამოვიდა საქართველოში.

"ერთი საათის წინ ჩამოვფრინდი თბილისში და მთელი ეს დროა, პასპორტში ბეჭდის ჩარტყმას ველოდებოდი საპასპორტო კონტროლის განყოფილებასთან. ახლახანს ოფიციალურად გამომიცხადეს, რომ საქართველოში შესვლა აკრძალული მაქვს. მიზეზი არ მითხრეს. ერთმნიშვნელოვნად ვუკავშირებ ამ ფაქტს იმას, რომ ახლახანს უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თხოვნით, დააორგანიზოს ჩემი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში. 

ყველაფერი, რაც მოხდა, ეს საერთაშორისო სკანდალი და სირცხვილია საქართველოს ხელისუფლებისა. მივფრინავ კიევში იმავე თვითმფრინავით, რომლითაც ჩამოვფრინდი". – წერს ჟურნალისტი Instagram-ზე. 

 Украина 24-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გორდონმა დააზუსტა, რომ საქართველოში ორი მიზნით ჩავიდა: შეხვედროდა სააკაშვილსა და თავისი აკადემიისთვის გასვლითი სხდომა ჩაეტარებინა. 

გორდონმა სატელევიზიო ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ქართველ სამართალდამცველებს მისთვის ახსნა-განმარტებები არ მიუწოდებიათ. 

"აეროპორტის დირექტორის მოადგილე გამოვიდა და თქვა, რომ ყველა მიზეზს წერილობითად განუმარტავენ უკრაინის საელჩოს 10 დღის განმავლობაში. მეტი ვერანაირი მიზეზის დასახელება ვერ შეძლო, მალავდა თვალებს, ცდილობდა, თვალებში არ ეყურებინა. აქ დასრულდა ჩვენი თბილისში ყოფნა. 

ერთი რამ ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეშინია საჯაროობის, ეშინიათ ჩემი შეხვედრის სააკაშვილთან – მე მასთან ინტერვიუს ჩაწერა მსურდა პირდაპირ ციხიდან. ეს უზარმაზარი საერთაშორისო სკანდალი და საქართველოს ხელისუფლების სირცხვილია. უბრალოდ, სირცხვილია. 

მე ჯერ აქამდე არსაიდან არ დავუდეპორტირებივარ, მითუმეტეს მოძმე საქართველოდან". – თქვა დმიტრი გორდნამ ინტერვიუში. 

დმიტრი გორდონი მიხეილ სააკაშვილს დაკავების დღიდან უჭერს მხარს. 1 ოქტომბერს გორდონმა ჩაწერა ვიდეომიმართვა მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ, სადაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდებდა, იბრძოლოს საქართველოს ექსპრეზიდენტის გათავისუფლებისთვის, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს. 

"მიხეილ სააკაშვილმა უზარმაზარი როლი ითამაშა იმაში, რომ უკრაინა დარჩეს დემოკრატიულ სახელმწიფოდ. მე გულწრფელად ვაფასებ ამ ადამიანს, მიყვარს ის და ვთვლი, რომ მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს. მივმართავ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნით, იმოქმედოს იმისთვის, რომ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, გამოჩენილი ადამიანი და რეფორმატორი, სწრაფად გათავისუფლდეს ციხიდან". – თქვა გორდონმა ვიდეომიმართვაში. 

ინფორმაცია დმიტრი გორდონის არშემოშვების შესახებ თავდაპირველად ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ გორდონსა და მის ცოლს, ასევე ჟურნალისტს თბილისის აეროპორტიდან დეპორტაციას უკეთებენ. 

ტაბულა კვლავ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით. 

კომენტარები