არჩევნები 2021

GDI: ქვეყანაში აქტივისტთა დევნის ტენდენცია ძლიერდება

ტაბულა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ეხმაურება ბოლო დროს სამართალდამცავთა მიერ აქტივისტების დაკავების ფაქტებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ ქვეყანაში ძლიერდება აქტივისტთა უფლებების შელახვის და მათი პოლიტიკური მოტივებით დასჯის ტენდენცია.

GDI გმობს სამოქალაქო აქტივისტების დაკავების ფაქტებს და მათ კრიტიკულად განწყობილ პირთა მიმართ ხელისუფლების რეპრესიული პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევს.

"კითხვებს აჩენს ზუგდიდში მთავარი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამკვირვებლების დაკავება მაშინ, როდესაც პოლიციას მსგავსი რეაგირება არ ჰქონია შელაპარაკების მეორე მხარის (ქართული ოცნების კანდიდატის) მიმართ. ამასთანავე, აქტივისტები საარჩევნო უბანთან არჩევნებზე დაკვირვების მიზნით იმყოფებოდნენ, რის ფონზეც ჩნდება ეჭვი, რომ დაკავება ემსახურებოდა სადამკვირვებლო საქმიანობის ხელშეშლასა და პოლიტიკურ მიზანს. ანალოგიურად, ქუთაისის მერიასთან და თბილისში პარლამენტთან მთავარი ოპოზიციური პარტიის დამაარსებლისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით გამართული დემონსტრაციების მონაწილეების დაკავება ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მათი თავისუფლება პროტესტის პოლიტიკური შინაარსის გამო შეიზღუდა.

გარდა ამისა, დაკავების საფუძვლად (უმეტეს შემთხვევაში) გამოყენებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ის ნორმები (173-ე და 166-ე მუხლები), რომლებსაც პრაქტიკაში პოლიცია და სასამართლო ყველაზე ხშირად მიმართავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონოდ შესაზღუდად". – ნათქვამია GDI-ის განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს სასამართლოს, უარი თქვას დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეპრესიულ იარაღად გამოყენებაზე და დაკავებულთა ქმედებები შეაფასოს გამოხატვის თავისუფლებისა და მიმდინარე პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

ასევე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს კრიტიკის ჩასახშობად იმავე კოდექსის ბოროტად გამოყენება, რაც სამართალდამცავი ორგანოების პოლიტიზირების ნათელი მაგალითია და ამცირებს მათ მიმართ საზოგადოების ნდობას.

კომენტარები