ავიაკატასტროფა რუსეთში

რუსული სატვირთო თვითმფრინავი ციმბირში ჩამოვარდა, დაიღუპა ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი

Irkutsk Region Government/TASS

3 ნოემბერს, რუსული სატვირთო თვითმფრინავი იაკუცკიდან ირკუცკში ფრენის დროს ციმბირში ჩამოვარდა. დაიღუპა ბორტზე მყოფი შვიდივე ადამიანი. საგანგებო შემთხვევების სამინისტროს ინფორმაციით, თვითმფრინავი Antonov An-12 დაშვების დაწყებამდე, ქალაქ ირკუცკის ახლოს გაქრა რადარებიდან.

ცეცხლმოკიდებული თვითმფრინავი ირკუცკიდან 7 კილომეტრის მოშორებით იპოვეს. ირკუცკის ოლქის გუბერნატორის, იგორ კობზევის თქმით, ავიაკატასტროფის დროს შედეგად არავინ გადარჩენილა.

როსავიაციის ინფორმაციით თვითმფრინავი ბელაურუსულ ავიაკომპანიას გროდნოს ეკუთვნოდა და ჩუკოტკაზე პროდუქტები მიჰქონდა. ბელარუსული მედიის ბელტას ინფორმაციით, სავარაუდოდ თვითმფრინავის ბორტზე ბელარუსის, რუსეთის და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.

თვითმფრინავის ნამსხვრევები/TASS

Antonov-ის ტიპის თვითმფრინავი საბჭოთა წარმოების თვითმფრინავია. სსრკ-ში მათ როგორც სამოქალაქო ასევე სამხედრო დანიშნულებით იყენებდნენ. ბოლო წლებში ამ ტიპის თვითმფრინავები რამდენიმე ავიაკატასტროფაში მოყვნენ. რუსეთის დიდი ავიახაზები თანდათან საბჭოთა წარმოების თვითმფრინავებიდან უფრო თანამედროვე თვითმფრინავებზე გადადის. თუმცა სხვადასხვა ტექნიკური გაუმართაობისა და უსაფრთხოების ზომების არასათანადო დაცვის გამო, რუსეთში ბოლო პერიოდში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა.

სექტემბერში Antonov An-26-ის ხაბარკოვსკან ჩამოვარდნის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, ივლისში კი Antonov An-26-ის ტიპის თვითმფრინავი კამჩატკასთან ზღვაში ჩავარდა და ბორტზე მყოფი 28-ვე ადამიანი დაიღუპა.

კომენტარები