ჭყონდიდის ეპარქია

სალხინოს მონასტრიდან სასულიერო პირები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს

ფორმულა/კადრი ვიდეოდან

სალხინოს მონასტრიდან სასულიერო პირები პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. კითხვით, დაკავებული არიან თუ არა ისინი, ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა - მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

სალხინოს მონასტერში დილიდან ხმაურია - ადგილზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ეპისკოპოსი სტეფანეს მიერ განკვეთილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ მეუფე სტეფანე მონასტერში დილით, 6 საათზე მივიდა და მათ ნაწილს მისი დავალებით სალხინოს მონასტერი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. 

"არავინ არ შეგვიშვეს დილიდან. ჩვენ არ ვართ განკვეთილები, მე ვარ აქაური მკვიდრი, ჭყონდიდელი ვარ. ის ჩოხოსანი არ არის ჭყონდიდელი, ჩოხოსნები არიან არაადამიანები, 6 საათზე დააცვივდნენ ბერებს თავზე და ეკლესიიდან გამოყარეს". - ამბობს ერთ-ერთი სასულიერო პირი.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მასთან დაპირისპირებული სასულიერო პირები ამბოხში დაადანაშაულა და ეკლესიიდან 19 სექტემბერს განკვეთა. მეუფე სტეფანემ ხელისუფლებას სთხოვა, განკვეთილ სასულიერო პირებს სალხინოს მონასტრის ტერიტორია და მიწები დაეტოვებინათ, თუმცა მონასტრის დატოვებაზე ისინი უარს ამბობდნენ.  

ჭყონდიდის ეპარქიაში მიტროპოლიტ სტეფანეს და სასულიერო პირების ნაწილს შორის დაპირისპირება მეუფე სტეფანეს ეპარქიაში ეპისკოპოსად დანიშვნის შემდეგ დაიწყო. 

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე ეპარქიის ყოფილ მმართველ პეტრე ცაავასა და მის მხარდამჭერებს დესტრუქციულ ქმედებებში ადანაშაულებს. მან ეპარქიაში დადგინებიდან 52 დღეში ერთი მღვდელი გაკვეთა მღვდლობიდან, სამ მღვდელსა და სამ დიაკონს მღვდელმსახურება აუკრძალა, შვიდ მონაზონს და სამ მორჩილს აუკრძალა ზიარება, ასევე მონასტრიდან გააძევა ერთი მონაზონი და ერთი მორჩილი. 

კომენტარები