მიხეილ სააკაშვილის შიმშილობა

რადას 89 დეპუტატი: აღმოუჩინეთ მაღალი ხარისხის სამედიცინო ზრუნვა, დააბრუნეთ უკრაინაში

მიხეილ სააკაშვილი
UNIAN

უმაღლესი რადას დეპუტატებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს 6 ნოემბერს ღია წერილით მიმართეს, რომელსაც ხელს აწერს 89 დეპუტატი 3 პარტიიდან – ხალხის მსახური (Слуга народа), ხმა (Голос) და მამული (Батьківщина).

წერილი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეხება, რომელიც ამავდროულად უკრაინის რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელის პოსტსაც იკავებს. 

მიმართვაში, რომელსაც გამოცემა ГОРДОН ავრცელებს, დეპუტატები წერენ, რომ უკრაინასა და საქართველოს აერთიანებთ ტრადიციული მეგობრული ურთიერთობები და დროით ნაცადი სტრატეგიული პარტნიორობა. 

"ჩვენმა ორმა ერმა იცის, რომ თავისუფლება უმაღლესი ღირებულებაა და მზადაა, რომ უყოყმანოდ დაიცვან და სიცოცხლის ფასად შეინარჩუნონ იგი. ჩვენი ცხოველქმედების საფუძვლებში მყარადაა ფესვგადგმული ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა. ამის გაცნობიერებით, ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული სიტუაციით". – წერია მიამრთვაში. 

უკრაინის დეპუტატები საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერმინისტრს მოუწოდებენ, მიხეილ სააკაშვილს აღმოუჩინონ მაღალი ხარისხის სამედიცინო ზრუნვა და რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნონ ის უკრაინაში. 

"ჩვენ შეშფოთებული ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებით. ხანგრძლივი შიმშილობის შემდეგ მისი სიცოცხლე ნამდვილად აღმოჩნდა საფრთხის წინაშე. აუცილებელია მისი დაუყოვნებლივი ჰოსპიტალიზაცია უმაღლესი კლასის სამოქალაქო, კერძო კლინიკაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვხელმძღვანელობთ რა აუცილებლობით, დაცული იყოს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები, მოგიწოდებთ:

დაუყოვნებლივ აღმოუჩინოთ მიხეილ სააკაშვილს მაღალი ხარისხის სამედიცინო ზრუნვა, რაც უნდა იყოს მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გარანტორი, უზრუნველყოთ მიხეილ სააკაშვილი საკონსულო-სამართლებრივი და საადვოკატო დაცვით და რაც შეიძლება სწრაფად დააბრუნოთ ის უკრაინაში". – წერენ დეპუტატები. 

კომენტარები