მიხეილ სააკაშვილის დაკავება

დეკანოიძე: ენმ-ის ფრაქციის სახელით ვითხოვ იუსტიციის მინისტრთან შეხვედრას

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე იუსტიციის მინისტრთან, რატი ბრეგაძესთან შეხვედრას ითხოვს. მოთხოვნის შესახებ დეკანოიძემ იუსტიციის სახლთან გამართულ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ისაუბრა.

"მე ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის - ძალა ერთობაშიას სახელით, ჩვენი საპარლამენტო დეპუტაციის სახელით ვითხოვ, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ შეხვედრის უფლებას და შეხვედრას, საქართველოს იუსტიციის მინისტრთან." – თქვა დეკანოიძემ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი იუსტიციის მინისტრისგან მიხეილ სააკაშვილის მიმართ სახელმწიფოს მოქმედებების განმარტებას ითხოვს.

"შეხვედრის დროს [იუსტიციის მინისტრმა] მოჰყვეს არგუმენტები, რატომ ხდება, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს ხელისუფლება, არღვევს საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებულ ყველანაირ მუხლს, რატომ ხდება რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, ყოველგვარი კანონის და კონსტიტუციის დარღვევით მოეტაცებინა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პატიმარი, რომლის მიმართაც განხორციელდა მათ შორის წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები." – თქვა დეკანოიძემ.

პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში გადაყვანას, ისე რომ ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა, რეჟიმის ქცევის "საბოლოო ზღვარი" უწოდა.

"ის რაც მოხდა გუშინ საქართველოში იყო პრაქტიკულად საბოლოო ზღვარი, როგორც იქცევა რეჟიმი, როგორც იქცევა კლეპტოკრატია, ოლიგარქია, როდესაც პრეზიდენტს იტაცებენ, შემდეგ მიჰყავთ გლდანის სასჯელაღსრულების სამედიცინო ცენტრში ისე რომ ჩვენ საათნახევარი ვეძებდით და ვერ ვიპოვეთ. ვერავინ ვერ მიაკვლია, სახალხო დამცველმაც ვერ მიაკვლია. ამის შემდეგ, მიდიან, აწყობენ ხმაურს, ჩვენ ვხედავდით ამაზრზენ კადრებს, როგორ აგინებდნენ და ემუქრებოდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტს და როგორ ჩამოშალეს ყველანაირი სახელმწიფოებრივი ზღვარი. ვხედავდით მორჩილ პოლიციას, რომელიც წინ ედგა და მორჩილებით უსმენდა კრიმინალების გინებას და მუქარას." – თქვა დეკანოიძემ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 მსჯავრდებულთა საავადმყოფოში 8 ნოემბერს, შიმშილობის 39-ე დღეს გადაიყვანეს. კლინიკაში მისი გადაყვანის შესახებ არც მისი ადვოკატები და არც ოჯახის წევრები ინფორმირებულები არ ყოფილან. მეტიც, მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ვარაუდის გამოთქმიდან, რომ მისი შვილი ციხიდან გაყვანილია, ერთი საათის განმავლობაში არცერთი სახელმწიფო უწყება არ პასუხობდა კითხვას, სად არის მიხეილ სააკაშვილი. 

მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ექსპრეზიდენტმა გლდანის ციხეში შესვლისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს და დააზიანა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურა. ამასთან დაკავშირებით გენერალურმა ინსპექციამ გამოძიება დაიწყო.

მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდა, ასეთივე იყო იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილი კონსილიუმის ბოლო დასკვნაც. ექსპრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე ადამიანს შიმშილობა აქვს გამოცხადებული, მათ შორისაა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია, რომელიც უკვე 7 დღეა, მხოლოდ წყალსა და უშაქრო ყავას იღებს და უარს ამბობს ნებისმიერ საკვებ დანამატსა, თუ გადასხმაზე.

24 ოქტომბერს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ გლდანის ციხის საავადმყოფოში მიხეილ სააკაშვილისთვის საჭირო დახმარების აღმოჩენა შეუძლებელია. 5 ნოემბერს ომბუდსმენის აპარატმა N18 დაწესებულება კიდევ ერთხელ შეამოწმა და განაცხადა, რომ დადებითი ცვლილებების მიუხედავად, დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულად ისევ არ შეესაბამებოდა კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

კომენტარები