გიგი უგულავა

ომბუდსმენი უგულავაზე: პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების გამოყენება დაუშვებელია

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ოპოზიციური ლიდერის, გიგი უგულავას დღევანდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება და განმარტავს, რომ უგულავას ეს განცხადება საფრთხის შემცველია ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობისთვის და არღვევს მის საუკეთესო ინტერესს – დაცული იყოს ნებისმიერი ფორმით ძალადობისგან.

განცხადებაში ვკითხულობთ, რომ დაუშვებელია პოლიტიკური ოპონირების იარაღად ბავშვების, მათი პირადი ცხოვრებისა და ოჯახური სტატუსის გამოყენება.

ომბუდსმენის აპარატის განმარტებით, ამგვარი ქმედება არამხოლოდ არღვევს კონკრეტული ბავშვის უფლებას, არამედ საფრთხის ქვეშ აყენებს ზოგადად ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დაცვას ქვეყანაში.

"დაძაბული პოლიტიკური ფონის მიუხედავად, ბავშვები დაცული უნდა იყვნენ ნებისმიერი ფორმის ფსიქო-ემოციური ძალადობისგან და ამის გათვალისწინების ვალდებულება, უპირველესად, სწორედ საჯარო პირებს აკისრიათ.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საჯარო პირებს და პოლიტიკოსებს, პოლიტიკური დებატებისას თუ სხვა ნებისმიერ პროცესში, იხელმძღვანელონ ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის სტანდარტით და არ მოახდინონ ბავშვის მიმართ ძალადობის, ბულინგის თუ სხვაგვარი ქმედების წახალისება". – ვკითხულობთ განცხადებაში.

გიგი უგულავამ დღეს გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ციხის თანამშრომელის ვინაობა დაასახელა, რომელმაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, მისივე ინფორმაციით, სავარაუდოდ, შეურაცხყოფა მიაყენა და ამ მის შვილებს მიმართა, რომ მათ და მათმა კლასელებმა უნდა იცოდნენ, რომ მამამისი ჯალათია.

ოპოზიციურმა ლიდერმა, გიგი უგულავამ ციხის თამანშრომლის შვილისთვის მიმართვის გამო ბოდიში მოიხადა.

კომენტარები