ენერგეტიკა

ფხაკაძე: ყველანაირად ვცდილობთ, საწვავის ფასის მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე

საწვავზე მაღალი ფასი არის თემა, რომლის მიმართაც საზოგადოება ყოველთვის მგრძნობიარეა და ეს ხდება არა მარტო ჩვენს ქვეყანაში. 

მე, როგორც ამ ქვეყნის რიგით მოქალაქეს და ადამიანს, რომელიც ოცი წელია აშენებს იმას, რასაც კონკრეტულად ვისოლი ჰქვია, ბუნებრივია, მაწუხებს თითოეული ადამიანის რეაქცია, საჯარო თუ არასაჯარო პროტესტი, რომელიც საწვავის მაღალ ფასს უკავშირდება. 

თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენ, ისევე როგორც საწვავის მომხმარებელი ქვეყნების უმეტესობას, არანაირი ბერკეტი არ გაგვაჩნია თავიდან ავიცილოთ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობ პროდუქტებზე ფასების მატების ნეგატიური ზეგავლენა. ბოლო დღეებში უამრავი ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც საწვავზე ფასის მატების მიზეზებს განმარტავს. თუ დღის წესრიგში ისევ დგას საწვავზე ფასწარმოქმნის მექანიზმის ახსნა, ნებისმიერ დროს მზად ვართ მოვაწყოთ საჯარო განხილვა თუ სხვა ტიპის კომუნიკაცია, ერთხელ და სამუდამოდ, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნით. 

მინდა იცოდეთ, რომ როგორც ჩემს ზემო აღნიშნულ ინტერვიუში განვმარტე, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასის მკვეთრი მატება მთლიანად არ გადავიტანოთ მომხმარებელზე და როგორც მინიმუმ, ეს პროცესი გავწელოთ დროში. თუმცა, არსებობს ობიექტური ფაქტორები, რომელთა ზეგავლენასაც ჩვენ ვერანაირად ვერ გავექცევით. დღეს საწვავზე ფასების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ ძალიან ბევრ ქვეყანაში და ამის შესახებ ინფორმაციის მოპოვება წამებში არის შესაძლებელი.

წერს WISSOL GROUP-ის პრეზიდენტი, სოსო ფახაკაძე. 

შეგახსენებთ, რომ საწვავის გაზრდილ ფასებს მოსახლეობის ნაწილი აპროტესტებს და ქართულ ბაზარზე არსებულ ნავთობკომპანიებს, მათ შორის ვისოლს ბოიკოტს უცხადებს.

პროტესტის ტალღის გამწვავება ფხაკაძის განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან თქვა, რომ საერთაშორისო ფასების გათვალისწინებით, საქართველოში საწვავის ღირებულება კიდევ უფრო მაღალი უნდა იყოს. 

კომენტარები