მკვლელობა

მემფისში ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი Young Dolph მოკლეს

აშშ-ის ქალაქ მემფისში ცნობილი ჰიპ ჰოპ არტისტი ადოლფ თორნტონი, იგივე Young Dolph, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით მოკლეს. სროლის ფაქტს მემფისის ადგილობრივი დეპარტამენტიც ადასტურებს.

თვითმხილველების თქმით, 36 წლის მუსიკოსი ორცხობილების საცხობში პროდუქტის შესაძენად შევიდა და მას მაღაზიასთან ახლოს მოძრავი მანქანიდან ესროლეს. ინფორმაციას საცხობის მფლობელი, მორის ჰილიც ადასტურებს.

აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, რეპერს თავს ორჯერ დაესხნენ. პირველად, ქალაქ შარლოტში მუსიკოსის ავტომობილს 50-მდე ტყვია ესროლეს. შემთხვევის შედეგად რეპერი არ დაშავებულა. მომხდართან დაკავშირებით, იანგ დოლფთან დაპირისპირებული მემფისელი ჰიპ ჰოპ შემსრულებელი Blac Youngsta და კიდევ ორი მამაკაცი დააკავეს. ამავე წლის სექტემბერში კი რეპერს ქალაქ ლოს ანჯელესში რამდენჯერმე ესროლეს. პოლიციის ადგილობრივი დეპარტამენტის ცნობით, მუსიკოსს სამ უცნობ მამაკაცთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც ჯერ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, შემდეგ კი სროლით დასრულდა.

იანგ დოლფმა 15-წლიან შემოქმედებით კარიერაში 7 სტუდიური ალბომისა და 20-მდე მიქსტეიპის გავრცელება მოასწრო. ჰიპ ჰოპ არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა: 100 Shots, Major და Preach მოუტანა.

კომენტარები