ვლადიმირ ჟირინოვსკი

ჟირინოვსკი უკრაინაზე: ახალ წელს უნდა დავბომბოთ, 4-5 საათზე, როცა ყველა მთვრალია

ჟირინოვსკი ჩერნოგოლოვკაში სასროლ პოლიგონზე, 2008 წლის თებერვალი

რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ლიდერმა და დუმის დეპუტატმა, ვლადიმირ ჟირინოვსკიმ რუსეთის პირველი არხის ეთერში თქვა, რომ კარგი იქნება თუ უკრაინას და დასავლეთს ახალი წლის ღამეს დაბომბავენ. 

"უბრალოდ უნდა დავბომბოთ ღამით, 31 დეკემბრიდან 1-ელ იანვრამდე. დილის 4 საათიდან 5 საათამდე. უკვე ყველა მთვრალია. არაა აუცილებელი ყველა დავბომბოთ. მაგრამ უნდა ამოვირჩიოთ, ვიღაც უნდა დავსაჯოთ, ვიღაც უნდა შევაშინოთ", – თქვა ჟირინოვსკიმ. 

ჟირინოვსკიმ დაამატა, რომ პრეზიდენტად ყოფნის შემთხვევაში, თავად ასე მოიქცეოდა. 

გუშინ,  27 დეკემბერს, გროზნოში ჩატარებულ პრესკონფერენციაზე უკრაინის მიმართ უხეში რიტორიკა ჟღერდა ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის სიტყვებშიც. მან თქვა, რომ უკრაინის საკითხის მისთვის ჩაბარების შემთხვევაში, დიდი ხნის წინ მოაგვარებდა და მას რუსეთს ან ჩეჩნეთს შეუერთებდა. 


უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები