სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები ინსპექტორის სამსახურს სოლიდარობას უცხადებენ

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური

არადომინანტური ეთნიკური და რელიგიური ჯგუფები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სოლიდარობას უცხადებენ და აღნიშნავენ, რომ უწყება ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგეს, განსაკუთრებით კი მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების კონტექსტში. ერთობლივ განცხადებას სრულად გთავაზობთ:

სახელმწიფოს დემოკრატიულობის ხარისხი დამოუკიდებელ, გამართულ, ზეპარტიულ და პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ინსტიტუტებზე დგას. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური 2018 წელს შეიქმნა, როგორც სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულის დამოუკიდებელი და ეფექტიანი გამოძიების ინსტრუმენტი. თავის დროზე, ამ მექანიზმის შექმნა პოზიტიურად შეფასდა საერთაშორისო პარტნიორების და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების მხრიდან. არსებობდა არა ერთი რეკომენდაცია ამ უწყების შემდგომი გაძლიერების და მანდატის გაფართოების მიმართულებით. თუმცა შეზღუდული მანდატის, დაფინანსებისა და ადამიანური რესურსების მიუხედავად, უწყებამ მოახერხა საზოგადოებრივი ნდობის მოპოვება და პატივისცემა. მიუხედავად იმისა, ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ სრულიად მოულოდნელად და ფარულად დაიწყო დაჩქარებული წესით ამ ინსტიტუტის გაუქმების პროცესი პარლამენტში, უწყებასთან კომუნიკაციისა და ფართო განხილვების გარეშე.

კანონპროექტის განხილვის მანერისა და შინაარსის გათვალისწინებით, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ აღნიშნულ საკითხზე მომზადებული კანონპროექტი ემსახურება არა რეალურ რეფორმას, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტის გაუქმებას, ნაცვლად მისი გაძლიერებისა და კიდევ უფრო მეტად გამართვისა. ჩვენს მეხსიერებაში ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებას ხელისუფლება უბრალოდ აუქმებს ჯეროვანი და ლეგიტიმური განმარტების და დემოკრატიული ჯგუფების და საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოების ინტერესებისა და კრიტიკის გარეშე.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადამიანის უფლებების დაცვაში განსაკუთრებულ ბერკეტს წარმოადგეს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოწყვლადი ჯგუფების კონტექსტში. სწორედ ამის გათვალისწინებით ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებობდეს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამართული უწყება, რომელიც ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების დაცვაზე.

მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ქალთა პოლიტიკაში ჩართვის უზრუნველსაყოფად ქვეყანაში, ის არ აღმოჩნდა საკმარისი იმისათვის, რომ ამ მიმართულებით არსებული ბარიერები რეალურად გადალახულიყო. სამწუხაროდ ჩვენ დავინახეთ, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა და პატივი არ სცა ქ-ნი ლონდა თოლორაიას დეკრეტულ შვებულებაში ყოფნის ფაქტორს და კანონპროექტის შესახებ მისი დროული და სათანადო ინფორმირებაც არ მოხდა.

ჩვენ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, პერსონალურ სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოს ინსპექტორს, ქ-ნ ლონდა თოლორაიას და მადლობას მოვახსენებთ გამოჩენილი პროფესიონალიზმისა და საქმისადმი ერთგულებისთვის.

ამასთანავე, ვაღიარებთ რა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციურ როლს, მოვუწოდებთ ხელისუფლებას

  1. შეწყვიტოს მიზანმიმართული დამოუკიდებელი სახელმწიფო უწყების დემონტაჟი და იყოს ორიენტირებული საკუთარი მოქალაქეების უფლებებისა და ინტერესების რეალურ დაცვაზე.

  2. მოუსმინოს საერთაშორისო პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და წარმართოს გამჭვირვალე პროცესი, რომელიც არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე იქნება ორიენტირებული.

ხელმოწერები:

  • ზაზა მიქელაძე
  • სამირა ბაირამოვა
  • ელდარ ჯავახიძე
  • მაია რიჟვაძე
  • გიორგი დეკანოიძე
  • იზოლდა ხოროშაძე
  • შოთა დეკანაძე
  • მარო დეკანაძე
  • თამარა ხოშრაძე
  • მალხაზ ხოშრაძე
  • ბეჟან დეკანაძე
  • ნესტან ანანიძე
  • ლია დეკანაძე
  • ლელა დეკანაძე
  • ლადო დეკანაძე
  • ავთანდილ შავაძე
  • ჰურიე აბაშიძე
  • ჯემალ საგინაძე
  • მათე სარალიშვილი
  • ოქტაი ქაზუმოვი
  • ნინო ართმელაძე
  • ბანიამინ კასიმ ოღლუ
  • ქამრან მამედლი
  • აითაჯ ხალილლი
  • რაბილ ისმაილ
  • სემა სადიკ
  • აიჰან ჰასანლი
  • ფარიდ ასკერ
  • ალი მამედლი
  • სულხან ბორძიკაშვილი
  • ტიგრან თარზიანი
  • გურამ ვაშაყმაძე

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და თანამდებობის გაუქმებაზე ცვლილებები ქართული ოცნების წევრებმა – რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს. ცვლილებების მიხედვით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ბაზაზე 2 სამსახური შეიქმნება. ლონდა თოლორაია ამბობს, რომ პარლამენტში შესაბამისი კანონპროექტის დაინიცირება "რატომღაც" დაემთხვა საახალწლო პერიოდს, როდესაც დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების აბსოლუტური უმრავლესობა არ იმყოფება საქართველოში. მისივე თქმით, კანონპროექტის დაინიცირება ასევე დაემთხვა სახელმწიფო ინსპექტორის დეკრეტში ყოფნის პერიოდს. 

პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ინსპექტორის სამსახურის უფრო გაძლიერებას გეგმავენ და ლონდა თოლორაიას სამსახურს "მთავრობის ნებისმიერ სტრუქტურაში" სთავაზობს

არასამთავრობო ორგანიზაციები უკიდურეს შეშფოთებას გამოთქვამენ კანონპროექტის გამო და მას მმართველი პარტიის მხრიდან კიდევ ერთი დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ დაგეგმილ თავდასხმას უწოდებენ. კანონპროექტზე ქართული ოცნების წევრებს შეხვდა აშშ-ის ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი. დეგნანის თქმით, შეხვედრაზე შეშფოთება გამოთქვა და მათ განხილვის გადადებისკენ მოუწოდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების ინიციატივას გამოეხმაურა გაეროს ადამიანის უფლებების ოფისი და პარლამენტს მოუწოდა, გაიწვიოს ეს ინიციატივა.  კანონპროექტს გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც და დაწერა, რომ დაჩქარებული განხილვა უნდა შეწყდეს. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, კანონპროექტი საქართველოს დემოკრატიისთვის მაღალი რისკის შემცველია.

კომენტარები