ოპერატორის გარდაცვალება

სამხარაული: ლაშქარავა ჰეროინით ინტოქსიკაციით გამოწვეული მწვავე უკმარისობით გარდაიცვალა

ლექსო ლაშქარავა
TV პირველი

UNESCO-ს მიერ ტელეკომპანია პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეყვანის დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშქარავაზე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნას ავრცელებს, რომელიც, უწყების ცნობით, ჯერ კიდევ 2021 წლის 30 დეკემბერს მიიღეს და მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს დაურთეს, თუმცა ამ დრომდე არ გაუსაჯაროვებიათ. 

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზი ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობაა. 

"გვამის სასამართლო სამედიცინო და ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური გამოკვლევების მონაცემებით, მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სიკვდილის მიზეზია ნარკოტიკული საშუალება ჰეროინით ინტოქსიკაციის შედეგად განვითარებული გულ-სისხლძარღვთა და სუნთქვის მწვავე უკმარისობა (ინექციის უბნები ორივე საზარდულის მიდამოში)" - წერია დოკუმენტში.  

დასკვნაში ვკითხულობთ, რომ ლექსო ლაშქარავას გვამს სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები აღენიშნებოდა, თუმცა, ასევე აღნიშნულია, რომ დაზიანებები არ არის კავშირში დამდგარ შედეგთან.   

"გვამს აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები: სისხლნაჟღენთი მარცხნივ თვალბუდის მიდამოში, მარცხენა თვალბუდის მედიალური კედლის (ცხავის ძვლის აიროვანი უჯრედები) მარცხნივ თვალბუდის ფსკერის (ზედაყბის ძვალი) თვალფრაგმენტული მოტეხილობით და ჰემოსინუსიტით, სხეულზე სისხლაჟღენთები და ნაჭდევები. სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებით - თავის ტვინის შერყევა, რქოვანას ტრავმული ეროზიო. თვალის კაკლის კომოციო, დაზიანებები ხადაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან მოქ. ალექსანდრე ლაშქარავას სტაციონარში მოთავსების თარიღს (2021 წლის 05 ივლისს) 

დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ცოცხალ პირთა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზისას სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს დაზიანებები ერთობლიობაში აღებული ატარებენ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების ნიშნებს და არ იმყოფებიან მიზეზობრივ კავშირში დამდგარ შედეგთან". - ვკითხულობთ დასკვნაში.

 

7 იანვარს UNESCO-მ მოკლული ჟურნალისტების სია განაახლა - მასში ლექსო ლაშქარავაც მოხვდა. დოკუმენტში წერია, რომ ლაშქარავა 2021 წლის 5 ივლისს მოკლეს. 

TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 2021 წლის 5 ივლისს ღირსების მარშის კონტრაქციაზე პუტინისტმა ორკებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს დედამ გარდაცვლილი იპოვა.შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. უწყება ამტკიცებს, რომ ლაშქარავას გვამიდან აღებულ ნიმუშებში ნარკოტიკი აღმოჩნდა და, შესაძლოა, ყოფილიყო ზედოზირება. ლაშქარავას გარდაცვალებას საზოგადოებრივი პროტესტი და აქციები მოჰყვა. 

ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების დღესვე, 11 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მისი გადაადგილების ამსახველი კადრები გაავრცელა. უწყება ამტკიცებდა, რომ ლაშქარავა ჯერ აფთიაქში, შემდეგ ფონიჭალაში იყო, სახლში კი, მათივე მტკიცებით, სავარაუდოდ, არაფხიზელი დაბრუნდა. 24 სექტემბერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უწყება ლაშქარავას მონაცემების უსაფუძვლოდ დამუშავების გამო დააჯარიმა

კომენტარები