კორონავირუსი საქართველოში

მინისტრი: ომიკრონის 1 000-მდე შემთხვევაა, სისტემა მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს

ჯანდაცვის ახალი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამის – ომიკრონის ლაბორატორიულად დადასტურებული 1 000-მდე შემთხვევაა. მინისტრის განმარტებით, ომიკრონით ინფიცირების შემთხვევების ზრდა თუ გაგრძელდება, ჯანდაცვის სისტემა ყველა გამოწვევისთვის მზადაა.

ზურაბ აზარაშვილის ცნობით, ქვეყანაში რამდენიმე კვირაში Pfizer-ის და MERCK-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლები შემოვა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

"გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა, საშუალოდ ყოველდღიურად 3 000 შემთხვევამდე გვაქვს. 1 000-მდე ლაბორატორიულად დადასტურებული გვაქვს ომიკრონის შემთხვევა. დადებითად რაც შეიძლება ჩაითვალოს ისაა, რომ ომიკრონის მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია. გაზრდილი ინფექციებიდან გამომდინარე, არ გვაქვს მნიშვნელოვნად გაზრდილი ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა. ასევე, შემცირებულია გარდაცვალების რაოდენობა.

ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ მნიშვნელოვნად გაიზრდება ომიკრონის შემთხვევები, ჯანდაცვის სისტემა სრულად მობილიზებულია და მზადაა გაუმკლავდეს ნებისმიერ გამოწვევას. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვმკურნალობთ კოვიდით ინფიცირებულებს. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში გვექნება ფაიზერისა და მერკის მედიკამენტები, რომელიც საკმაოდ ეფექტურობით გამოირჩევა". – ამბობს ზურაბ აზარაშვილი.

საქართველოში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით კიდევ 2 953 ადამიანი დაინფიცირდა. გარდაიცვალა 31 პაციენტი, ხოლო, გამოჯანმრთელდა  1 085. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 11.47%, ბოლო 14 დღის - 7.76%, ხოლო ბოლო 7 დღის - 9.57%.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 35 363, საიდანაც 4 409 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 1 694 - კოვიდსასტუმროში, ხოლო 29 260 - ბინაზე. მძიმე პაციენტია 1 094, მათგან 280 პირი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 962 827 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 913 528 პაციენტი და გარდაიცვალა – 14 218.

ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა მწვანე ბარათების სისტემა.

კომენტარები