დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

"საომარი მარში ხმამაღლა ისმის" – აშშ-ს ელჩი ეუთო-ში რუსეთ-უკრაინის დაძაბულობაზე

ავსტრიაში, ვენაში გამართული ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) სხდომის შემდეგ, ეუთო-ში აშშ-ს ელჩმა, მაიკლ კარპენტერმა ხაზი გაუსვა რუსეთ-უკრაინის დაძაბულობის ზრდას. 

"საომარი მარში ხმამაღლა ისმის და რიტორიკა საკმაოდ მძაფრი გახდა", – თქვა კარპენტერმა ჟურნალისტებთან. 

ეუთო-ს ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარემ, აშშ-მ და რუსეთმაც მოლაპარაკებებთან დაკავშირებით პესიმისტური დამოკიდებულება გამოხატეს. ამ კვირაში რუსეთთან რიგით მესამე შეხვედრაზე (აქამდე გაიმართა შეხვედრა ჯერ აშშ-რუსეთსა და შემდეგ NATO-ს მოკავშირეებსა და რუსეთს შორის) იმედოვნებდნენ, რომ მოსკოვი დიპლომატიის გზას დაადგებოდა, თუმცა მხარეების პოზიცია უცვლელი დარჩა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მაოდგილის, სერგეი რიაბკოვის თქმით, მოლაპარაკებები ჩიხშია შესული და მისი აზრით, მათ გაგრძელებას აზრი არ აქვს, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური პროცესის განახლებას აშშ ამ კვირის შემდეგაც გეგმავს. 

"ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. უნდა მოვემზადოთ იმ შემთხვევისთვის, როცა შეიძლება მართლა მოხდეს ესკალაცია", – ამბობს მაიკლ კარპენტერი უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის თავმოყრასთან დაკავშირებით. 

კარპენტერის გარდა, ომის შესაძლებლობაზე ეუთო-ს წევრები გააფრთხილა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც, ზბიგნევ რაუმ. 

"ომის საფრთხე ეუთო-ს არეაში იმაზე დიდია, ვიდრე აქ ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოფილა", – თქვა რაუმ. 

აშშ-ს წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა ეჭვს, უყურებს თუ არა რუსეთი დიპლომატიას სერიოზულ გამოსავლად, თუ მათი გამიზნული ჩავარდნა მათი სამხედრო ქმედებების წინაპირობაა. 

"აპირებს ის [პუტინი] დიპლომატიისა და დიალოგის გზის არჩევას ამ პრობლემებიდან ზოგიერთის გადასაჭრელად, თუ დაშინებისა და აგრესიისთვის მიყოლას აპირებს?", – უჩნდება კითხვა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს. 

"მთავარი პრობლემა: ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები NATO-ში არანაირი სახით, არანაირი მიზეზით, რომლებიც თითქოსდა ყოველმხრივ მრავალჯერ იყო განხილული და გაანალიზებული, რომლებსაც თავად შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები წარმოადგენენ, არ არიან მზად ჩვენი ძირითადი მოთხოვნების მიღებისთვის", – თქვა სერგეი რიაბკოვმა შეხვედრების შემდეგ.


უკრაინის საზღვრებთან რუსი სამხედროების თავმოყრის გამო აშშ რუსეთს უპრეცედენტო, მკაცრი სანქციებით ემუქრება. აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმირ პუტინთან ვიდეოშეხვედრა 2021 წლის 7 დეკემბერს გამართა. შეხვედრაზე ბაიდენმა პუტინს უთხრა, რომ უკრაინაში ესკალაციის შემთხვევაში  რუსეთს ძლიერი ზომებით უპასუხებენ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, მან პუტინი გააფრთხილა, რომ თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება ის "საშინელ ფასს გადაიხდის" და რუსეთისთვის ეკონომიკური შედეგები დამანგრეველი იქნება.

უკრაინის საზღვრებთან, კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება. 

The Washington Post-ის ინფორმაციით, რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაზე 175 000-კაციან თავდასხმას გეგმავდეს.

უკრაინის დაზვერვის სამსახურის მეთაურმა, გენერალ-ბრიგადირმა კირილო ბუდანოვმა the Military Times-თან საუბარში თქვა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში შეჭრას 2022 წლის იანვრის დასასრულისთვის, ან თებერვლის დასაწყისითვის აპირებს. შიშობენ, რომ თავდასხმა იგეგმება ბელარუსის ტერიტორიიდანაც. ვრცლად ბელარუსის როლზე რუსეთის ჰიბრიდულ ომში წაიკითხეთ აქ – ბელარუსი რუსეთის ჰიბრიდულ ომში – ვასალიტეტი XXI საუკუნეში.

პარალელურად დაძაბულია NATO-სა და რუსეთის ურთიერთობა. 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები