უკრაინის მხარდამჭერი რეზილუცია

დეგნანი: საჭიროა იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს უკრაინას, ევროპულ პრინციპებს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს პარლამენტის მიერ ინიცირებულ უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას გამოეხმაურა. დეგნანის თქმით, საჭიროა ძლიერი რეზოლუცია, რომელსაც ექნება ცხადი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს უკრაინასა და ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს.

"ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ყველა ქვეყნისთვის. ეს არის დრო, როდესაც ჩვენ ვდგავართ ერთად და ვგზავნით მკაფიო გზავნილს რუსეთისთვის, რომ ჩვენ დავიცავთ ევროპული უსაფრთხოების პრინციპებს, რომლებმაც შეინარჩუნა სტაბილურობა ევროპაში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ვფიქრობ, გზავნილი საქართველოდან, უკრაინიდან, NATO-სგან და შეერთებული შტატებისგან ცხადი იყო, რომ ჩვენ ვდგავართ ერთად და წინააღმდეგობას გავუწევთ იმ კრიზისს, რომლის შექმნასაც რუსეთი ცდილობს. ცხადია, რომ ეს რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისია და მცდელობაა, რომ ძალის გამოყენების მუქარით შეიცვალოს 30-წლიანი სტაბილურობა და კეთილდღეობა.

რეზოლუციის შესახებ – მე არ მინახავს პროექტი, მაგრამ მე ვფიქრობ, ძალიან პოზიტიურია, რომ ოპოზიციური პარტიები და მმართველი პარტია აწარმოებდნენ მოლაპარაკებას ტექსტზე, რომლის მხარდაჭერა ყველას შეუძლია, რადგან საჭიროა ეს იყოს ძლიერი რეზოლუცია, რომელსაც აქვს ცხადი გზავნილი, რომ საქართველო მხარს უჭერს ევროპულ უსაფრთხოების პრინციპებს და უკრაინას. ძალიან დაძაბული მომენტია და დარწმუნებული ვარ, შედეგი ქართველებისთვის საამაყო იქნება". – თქვა კელი დეგნანმა.

მმართველი გუნდი და საპარლამენტო ოპოზიცია უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ერთობლივად მიღებას აპირებდა, თუმცა მხარეები ვერ შეთანხმდნენ. ოპოზიციის მიერ მომზადებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ჩაგდების პარალელურად, ქართულმა ოცნებამ თავად მოამზადა რეზოლუციის ტექსტი, სადაც რუსეთი ნახსენები არ არის. როგორც მმართველი გუნდის საპარლამენტო ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "რეზოლუციის ტექსტი პროვოკაციული რიტორიკისგან დაცლილია".

კომენტარები