დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

BBC: ბრიტანეთი, უკრაინა და პოლონეთი მალე ახალი ალიანსის შექმნას გამოაცხადებენ

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარების თავმოყრისა და ომის საფრთხის ფონზე, BBC-ის უკრაინული სამსახურის ცნობით, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი და უკრაინა ახალი ალიანსის შექმნას მალე გამოაცხადებენ.

BBC-ის ინფორმაციით, მხარეები უახლოვდებიან შეთანხმების დეტალების საბოლოო სახით ჩამოყალიბებას.

როგორც BBC იუწყება, თავდაპირველად ალიანსის გამოცხადება 31 იანვარს, უკრაინაში ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის ვიზიტის დროს იგეგმებოდა, თუმცა სიტუაციის ცვლილების გამო, შესაძლოა თარიღი შეიცვალოს.

BBC-ის უკრაინულ სამსახურს, უკრაინის მთავრობის წყაროებმა შეატყობინეს, რომ მომდევნო კვირაში, შესაძლოა, კიევს დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი და პოლონეთის პრემიერმინისტრი, მატეუშ მორავიეცკი ესტუმრონ. ვიზიტის შესახებ ვარშავაში ოფიციალურადაც გამოაცხადეს. მედია არ გამორიცხავს, რომ ეს შეხვედრა ალიანსის გამოცხადების საკითხს უკავშირდებოდეს. 

"ეს ვარიანტი სერიოზულად მუშავდება, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება, დეტალებს ვაზუსტებთ", – უთხრა BBC-ის ანონიმურმა წყარომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. 

ალიანსის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს რუსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობა. 

ახალ ალიანსზე ინფორმაცია საჯაროდ პირველად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა გააჟღერა, 21 იანვარს, როდესაც ის ავსტრალიას ეწვია. 

აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში ბრიტანეთი უკრაინას იარაღს სწორედ პოლონეთის გავლით აწვდიდა, რასაც ბრიტანელმა ანალიტიკოსებმა "საჰაერო ხიდი" უწოდეს.

როგორც ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ BBC-სთან თქვა, ეს ალიანსი არ იქნება სრულად NATO-ს იდენტური. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ ბოლო ხანებში უკრაინის მთავარი პარტნიორი ზუსტად დიდი ბრიტანეთი გახდა. ფინანსური დახმარების, შეიარაღების მიწოდებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გარდა, ბრიტანეთი აპირებს უკრაინაში სამხედრო ხომალდებისა და საზღვაო ბაზების შენებას. 

ელჩის ინფორმაციით, ალიანსის იდეა დეკემბრის დასაწყისიდან არსებობს. 

"ევროკავშრის დატოვების შემდეგ, მათ (ბრიტანეთმა) შემოიღეს "გლობალური ბრიტანეთის" იდეა. ისინი ხედავენ საკუთარ ინტერესს, მათ სჭირდებათ უკრაინის მსგავსი მეგობარი. ამის ტიპური ანალოგია სერიოზული ურთიერთობა პოლონეთსა და ბრიტანეთს შორის. ბრიტანელების თვალში უკრაინა ევროპის მეორე მხარეს მყოფი ძლიერი სახელმწიფოა", – ამბობს პრისტაიკო.


უკრაინასა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობის ფონზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს. CNN-ის ცნობით, მათი წყაროს თქმით, ბაიდენის ადმინისტრაციაში სჯერათ, რომ რუსეთი, შესაძლოა, უკრაინაში შეჭრისთვის ემზადებოდეს, "რაც გამოიწვევს ადამიანების უფლებების ფართოდ დარღვევასა და ომის დანაშაულს, თუ დიპლომატია საკუთარ მიზანს ვერ შეასრულებს".

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

პარალელურად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალების თავმოყრის გამო ორ ქვეყანას შორის მდგომარეობა კვლავ დაძაბულია. კიევისა და ვაშინგტონის ცნობებით, უკრაინის საზღვრებთან ასიათასამდე რუსი სამხედროა თავმოყრილი. გრძელდება შეიარაღებული ძალების ამ ტერიტორიაზე უჩვეულო თავმოყრა და გადაადგილება. არსებობს შიში, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის ემზადება.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები