მე-10 მოწვევის პარლამენტი

კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიას სადეპუტატო მანდატების შეჩერებას მხარი დაუჭირა. კომიტეტის გადაწყვეტილებით, მათ უფლებამოსილება ვადაზე ადრე უნდა შეუწყდეს. 

კომიტეტი გადაწყვეტილებას პლენარულ სხდომაზე მომდევნო კვირას წარადგენს, სადაც საბოლოოდ გადაწყდება, გაუქმდება თუ არა დეპუტატების მანდატები.

საკითხის დაყენების მიზეზი რეგლამენტის ის ნაწილია, რომლის მიხედვითაც, თუ პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით სხდომების ნახევარზე მეტს არ დაესწრება, უფლებამოსილება შეუწყდება.

კომიტეტის განმარტებით, ნათელაშვილი და ხოშტარია საშემოდგომო სესიის არცერთ სხდომას არ დასწრებიან.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ  ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი, გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები