პოლიტიკური კრიზისი

უგულავა: სააკაშვილი ოპოზიციაში ყველაზე მსხვილი ფიგურაა, მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი

ევროპული საქართველო

პოლიტიკოსი გიგი უგულავა წერს, რომ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციაში ყველაზე მსხვილი ფიგურაა, თუმცა ის პარტიების კოალიციის მშენებელი არ არის. გიგი უგულავამ სააკაშვილზე ვრცელ პოსტში ისაუბრა, რომელშიც ინიციატივით გამოვიდა, რომ ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქოლგის ქვეშ გაერთიანდნენ.

"ახლა გვაქვს ვითარება, რომ სააკაშვილი ოპოზიციაში არის ყველაზე მსხვილი ფიგურა (და ასეთად დარჩება კიდევ კარგა ხანი), მაგრამ ის არაა კოალიციის მშენებელი. მის გარეშე არ არსებობს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ის ფორვარდია, მაგრამ მის გარშემო ივანიშვილის დასამარცხებლად აუცილებელი კოალიცია არ/ვერ იკრიბება.

ჩემი აზრით, საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის ყველაზე სწორი განვითარების გზაა, როცა აქ მმართველი კოალიციაშია ენმ, საქართველო აძლიერებს უკრაინასთან პარტნიორობას, ხოლო სააკაშვილი ამ პარტნიორობის შემკვრელი რგოლია. ის გაცილებით ძლიერი და წარმატებული იქნება უკრაინაში თუ აქ მეგობრულად განწყობილი თანამოაზრე და თანამებრძოლები არიან მმართველ კოალიციაში. ესაა წარმატების ფორმულა, რომელიც მიშამ შეიძლება მოუტანოს საქართველოს. ის დიდი პოლიტიკური ინვესტიცია რომელიც მან უკრაინაში ჩადო, როგორც არასდროს გამოადგება საქართველოს. ესაა, ჩემის აზრით, რეგიონული ლიდერობა. ასეა თუ ისე, ეს არის სადისკუსიო თემა და მასში სიცხადე თავად სააკაშვილმა უნდა შეიტანოს. და აქ, ერთი მხრივ, თქმა, რომ მე თანამდებობები არ მინდა, მეორეს მხრივ პრემიერობის კანდიდატად დგებოდე დამაბნეველია და სანდოობას არ აღძრავს.

მოკლედ, საქართველოს თანამედროვე პოლიტიკის განუყოფელი და საკვანძო ფიგურაა სააკაშვილი. ის ვერ გაქრება, ვერ აორთქლდება. მის გარეშე მომავალი კოალიცია ვერ დაკომპლექტდება. ამავე დროს, სად იქნება და რა სტატუსით, ამაზე მყარი სიცხადე თავად უნდა შეიტანოს". – წერს გიგი უგულავა.

უგულავამ მძლავრი პოლიტიკური ცენტრის ჩამოყალიბების იდეაზეც ისაუბრა, რომელიც გააერთიანებს ექსპრემიერებს გიორგი გახარიას, გიორგი კვირიკაშვილს, ყოფილ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს და სხვებს.

"წარმოვიდგინოთ, რომ შემდეგ არჩევნებზე ენმ-ს და ოცნების გარდა არის ბლოკი რომელიც აერთიანებს ლელოს, გახარია საქართველოსთვის, გიორგი მარგველაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს, ირაკლი ალასანიას, დავით ბაქრაძეს, გიორგი ვაშაძეს. ეს იქნებოდა "თეთრსაყელოიანთა" უფრო ზუსტად კი "ჰალსტუხიანთა პარტია". რეალურად აქ თავს მოიყრიდა დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული ქართული ბიზნესისა და სახელმწიფო მოხელეთა ერთობა, დიდი პოლიტიკური და ბიზნეს გამოცდილებით. ამ ბლოკის მიმზიდველობა იმაშია, რომ მას რეალურად შეუძლია ხმები წაართვას ოცნებას". – წერს გიგი უგულავა.

გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მხარს აქტიურად უჭერდა და მის გადაწყვეტილებას "ისტორიული მასშტაბის აქტს" უწოდებდა. ასევე ამბობდა, რომ მისი ჩამოსვლით მას "შერყეული რწმენა გაუმთელდა".

კომენტარები