საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, მარნეულში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვან ა.მ.-ს ბრალდება წარუდგინეს.
მკვლელობა 8 თებერვალს მოხდა, უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ კონფლიქტი ძაღლის კბენის გამო დაიწყო - ა.მ.-მ, შურისძიების მოტივით და განზრახ მოკვლის მიზნით ა.ი.-ს დანით დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ა.ი. საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით რუსთავის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართეს.