მე-10 მოწვევის პარლამენტი

"მაინტერესებს კოლეგები, რომლებიც დევნას დაუჭერენ მხარს" – ჯაფარიძე პარლამენტში მივიდა

ბადრი ჯაფარიძე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 15 თებერვალს სამი დეპუტატის - ელენე ხოშტარიას, ბადრი ჯაფარიძისა და შალვა ნათელაშვილის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებენ. ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, მანდატის შეწყვეტა მის მიმართ პოლიტიკური დევნის გაგრძელებაა. 

"მგონი, ისტორია მეორდება - 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება. ვნახოთ, დაველოდოთ კენჭისყრას. მე მაინტერესებს ის კოლეგები, რომლებიც ხმას მისცემენ ამ უკანონო და აბსურდულ გადაწყვეტილებას. როდესაც იქნება კენჭისყრა, შემდგომ მოგახსენებთ გეგმებთან დაკავშირებით. 

რა თქმა უნდა, ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება, ეს 3 წელიწადზე მეტია, მიმდინარეობს. ჩვენ ვართ მშვიდად, ჩვენ ვართ მტკიცედ, შესაბამისად, დაველოდებით კენჭისყრას, მე დავესწრები კენჭისყრას სასესიო დარბაზში. დღევანდელ საქართველოში ყველაფერი მოასლოდნელია, შესაბამისად, ეს [მანდატის შეწყვეტა] მოსალოდნელი იყო, რამდენადაც სხვა მხრივ პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, როგორც ჩანს, მათ განზრახული არ ჰქონდათ და ეს იგრძნობოდა კიდეც იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც მოსამართლე დააწერინეს. ეს არის პოლიტიკური დევნის გაგრძელება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ის კოლეგები მაინტერესებს, რომლებიც მხარს დაუჭერენ ამ უსამართლო პოლიტიკური დევნის გაგრძელებას". - ამბობს ჯაფარიძე. 

უკვე ცნობილია, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები ხოშტარიასთვის, ნათელაშვილისა და ჯაფარიძისთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერენ - ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის შემდეგ, 14 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.  

"უფლებამოსილების შეწყვეტა, ეს არის საკითხი, რომელიც ძალიან გაინტერესებთ. თქვენ იცით, რომ სამი დეპუტატის უფლებამოსილებაზეა საუბარი.ორ შემთხვევაში [ელენე ხოშტარია, შალვა ნათელაშვილი] საუბარია სამართლებრივ საფუძველზე, გაცდენებზე. მესამე შემთხვევაშია [ბადრი ჯაფარიძე] სასამართლოს მიერ დადასტურებულ დანაშაულზე. სამივე დეპუტატის მიმართ საპარლამეტო უმრავლესობა მხარს დაუჭერს უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს იქნება ჩვენი ხვალიდენლი გადაწყვეტილება".  - თქვა მდინარაძემ.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა საპარლამენტო ბოიკოტი გამოაცხადეს. მალევე, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ადგილები პარტია მოქალაქეების ორმა დეპუტატმა დაიკავა, შემდეგ კი, შარლ მიშელის დოკუმენტის გაფორმების შემდეგ, პარლამენტში შევიდნენ ლელო, სტრატეგია აღმაშენებელი და გირჩი. ნიკა მელიას პატიმრობიდან გათავისუფლებას პარლამენტში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შესვლაც მოჰყვა.

შარლ მიშელის დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ ლეიბორისტულ პარტიას, ევროპულ საქართველოს, პარტიას კანონი და სამართალი  (თუმცა, თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა). ასევე, ევროპული საქართველოს საარჩევნო სიის წევრს და ამჟამად დროას ლიდერს, ელენე ხოშტარიას.

კომენტარები