კრიმინალი

"ქონების გამოძალვის მიზნით სცემეს და თავისუფლება აღუკვეთეს" – შსს-მ 6 პირი დააკავა (Video)

თავისუფლების უკანონო აღკვეთის, გამოძალვის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის თბილისში 6 პირი დააკავეს, ორს კი ბრალდება დაუსწრებლად წარუდგინეს.

შსს-ს ცნობით, ფინანსური დავის საფუძველზე, დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის გაადვილების მიზნით, კ.ნ.-მ, გ.ლ.-მ, ა.მ.-მ და მ.მ.-მა ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ვ.ტ.-ს და ძალადობის მუქარით უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

"გამომძალველები ვ.ტ.-ს აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას, 51 000 ლარს მოტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კვლავ ძალადობის გამოყენებით ემუქრებოდნენ, რის გამოც მან თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადა. დაზარალებული პირი ბრალდებულებმა მეორე დღეს, თანხის გადახდის პირობით გაათავისუფლეს. ა.ნ., გ.ჭ., რ.ჭ. და ს.ჭ. შეესწრნენ ვ.ტ.-ის მიმართ განხორციელებულ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩადენას, თუმცა აღნიშნულის თაობაზე პოლიციას არ შეატყობინეს" - აცხადებს შსს.

გამოძალვისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1987 წელს დაბადებული ა.მ. და 1978 წელს დაბადებული მ.მ.; გამოძალვის, თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ბრალდებით დაკავებულები არიან: 1970 წელს დაბადებული კ.ნ. და 1972 წელს დაბადებული გ.ლ; დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1977 წელს დაბადებული გ.ჭ, 1999 წელს დაბადებული ა.ნ., ხოლო 2 პირს: 1969 წელს დაბადებულ რ.ჭ.-ს და 1974 წელს დაბადებულ ს.ჭ.-ს ამავე დანაშაულისთვის ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ.

დანაშაულები 4-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები