დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

თრასი: ბრიტანეთი და EU პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მყისიერი სანქციების დაწესებას გეგმავს

ლიზ თრასი

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ თრასის თქმით, ბრიტანეთი ევროკავშირთან კოორდინირებით გეგმავს პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მყისიერი სანქციების დაწესებას.

"უკრაინის სუვერენიტეტზე რუსეთის უკანასკნელი თავდასხმის შემდეგ, ვესაუბრე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჯოზეფ ბორელს.

შევთანხმდით, რომ ბრიტანეთი და ევროკავშირი კოორდინაციას გაუწევენ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას და განაგრძობენ უკრაინის მხარდაჭერას". - წერს ლიზ თრასი. 

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციების დაწესების განკარგულებას ხელი მოაწერა. თეთრი სახლის პრესსპიკერის, ჯენ ფსაკის თქმით, ეს ზომები განცალკევებულია და დაემატება იმ სწრაფ და მძიმე ეკონომიკურ ზომებს, რომლებსაც მოკავშირეთა კოორდინირებით, ამზადებს ამერიკა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში. 

21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები