დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

რუსული რუბლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად იქცა – Forbes 

ვლადიმირ პუტინი
Financial Times

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობის დაძაბვას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას საერთაშორისო სავალუტო ბირჟაზე რუსული რუბლის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა.

ამჟამინდელი გაცვლითი კურსით ერთ ამერიკული დოლარის ღირებულება 80 რუბლს აჭარბებს, რაც რუსეთის ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია.
  
Forbes-ის შეფასებით, უკანასკნელ პერიოდში რუბლი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ ვალუტად იქცა და მოკლე დროში მერყეობის მაჩვენებლით ის თურქულ ლირასაც კი დაეწია.

ექსპერტების შეფასებით, რუბლის გაუფასურების მთავარი მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარების მნიშვნელოვნად დაძაბვა და ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესების გაზრდილი რისკია, რაც პუტინის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობის აღიარებას და უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალების მობილიზებას უკავშირდება. 

აღსანიშნავია, რომ პუტინის განცხადებას საერთაშორისო ბირჟებზე მსოფლიოს მასშტაბით თითქმის ყველა სახის აქციის და ინდექსის გაუფასურება მოჰყვა, მათ შორის ამერიკული კომპანიების აქციების და კრიპტოაქტივებისაც.

პუტინის განცხადებიდან რამდენიმე წუთში მოსკოვის საფონდო ბირჟის (MOEX) ინდექსის ღირებულება თითქმის 11%-ით შემცირდა, რაც 2014 წლის შემდეგ ინდექსის გაუფასურების ყველაზე მკვეთრი მაჩვენებელია. 

რუსული კომპანიების აქციების (RTS) ფიუჩერსები, ანუ მომავალი ფასები 20%-ით შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები მომავალში რუსული აქციების კიდევ უფრო მეტად გაუფასურებას მოელიან და, შესაბამისად, ისინი სარისკო აქტივებში დაბანდებული კაპიტალის ამოღებას და რისკის შემცირებას ცდილობენ. 

18%-ით შემცირდა რუსეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის, Gazprom-ის აქციების ღირებულებაც, რაც 2008 წლის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაციის შემცირების უდიდესი მაჩვენებელია.


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით კი პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ.

ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარების პასუხად, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს სანქციები დაუწესა.  

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება.

დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები