რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ჟან-ივ ლე დრიანი: პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ ბირთვული იარაღი NATO-საც აქვს

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჟან-ივ ლე დრიანი

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან ივ ლე დრიანის თქმით, როცა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ბირთვული იარაღით იმუქრება, მან უნდა გააცნობიეროს, რომ ბირთვული იარაღი NATO-საც აქვს. თუმცა ლე დრიანმა გამორიცხა უკრაინის დასაცავად NATO-ს სამხედრო ოპერაციის დაწყება.

უკრაინაზე თავდასხმის გამოცხადების დროს ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ თუ კონფლიქტში რომელიმე სხვა ძალა ჩაერევა, რუსეთის პასუხი დაუყოვნებლივი იქნება და ისტორიაში არნახულ შედეგებს გამოიწვევს. საფანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის დასმულ კითხვაზე, იყო თუ არა პუტინის ეს სიტყვები ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მუქარა, ლე დრიანმა "კი" უპასუხა.

"ვფიქრობ, რომ ვლადიმირ პუტინმა ასევე უნდა გააცნობიეროს, რომ NATO ბირთვული ალიანსია. ამ თემაზე მხოლოდ ამას ვიტყვი." – თქვა ჟან-ივ ლე დრიანმა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.

კომენტარები