რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ISFED: Facebook-მა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა

სამართლიანი არჩევნების ინფორმაციით, Facebook-მა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული გვერდები და ჯგუფები წაშალა. 

"უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, ჩვენი ძალებით ვცდილობთ, წინ აღვუდგეთ რუსულ პროპაგანდასა და ომის შესახებ მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებას. ამისთვის ფეისბუქს შესაბამის მონაცემებს ვაწვდით". - წერს სამართლიანი არჩევნები.

ალტ-ინფო არის პლატფორმა, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა 5-6 ივლისის ძალადობების წაქეზებასა და მათ გამართლებაში. ასევე, ალტ-ინფოს ერთ-ერთი დამფუძნებელი, ზურაბ მახარაძე იყო ერთ-ერთი, ვინც პრაიდის კვირეულის პირველ დღეს, 2 ივლისს გამართულ კონტრაქციას ხელმძღვანელობდა. ამას გარდა, ის პარლამენტის წინ აღმართული "ჯვრის დაცვის" აქციაზე, 9 ივლისს გამოდიოდა ძალადობისკენ მოწოდებებით.

8 დეკემბერს საჯარო რეესტრმა პუტინისტური მედიის დამფუძნებლების მიერ შექმნილი პარტია – კონსერვატიული მოძრაობა დაარეგისტრირა. პარტიის თავმჯდომარე ზურაბ მახარაძეა, გენერალური მდივანი კი გიორგი ქარდავა.

უკრაინაიში რუსეთში კიდევ ერთხელ შეჭრის საპასუხოდ, ორმა კანადურმა საკაბელო არხმა რუსული სამთავრობო არხი Russia Today საკუთარი არხის ხაზიდან ამოიღო. ამასთანავე, ევროკავშირის ქვეყნებში იბლოკება რუსული სამთავრობო მედიები, Russia Today და Sputnik-ი.

27 თებერვლის გვიან ღამიდან სილქნეტის ქსელში რუსული პროპაგანდისტული არხები, ORT (первый канал россии) და RTR (Россия-РТР) გათიშული იყო. მოქალაქეების ნაწილის აზრით, კომპანიამ რუსული სამთავრობო არხები უკრაინაში ომისა და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე გათიშა. კომპანიის ინფორმაციით კი, რამდენიმე არხი ტექნიკური მიზეზით გაითიშა და მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

კომენტარები