საქართველო-უკრაინა

რომელმა ქვეყნებმა გამოუცხადეს რუსეთს ომი, კობახიძის ლოგიკით

საქართველოს პარლამენტი

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ მთავრობის მხრიდან უკრაინაში ქართველი მოხალისეების გაშვებაზე ნებართვის გაცემა, ომის გამოცხადების ტოლფასია.

ოცნების თავჯდომარის ლოგიკას თუ გავყვებით, რუსეთის ფედერაციისთვის ომი გამოუცხადებია მსოფლიოს შემდეგ ქვეყნებს:

  • საფრანგეთი

  • კანადა

  • დანია

  • ლატვია

დღეს, 1 მარტს ირაკლი კობახიძე ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისის გაუქმებას გამოეხმაურა და თქვა, რომ – "თუ აქ საუბარი იყო იმაზე, რომ მთავრობას უნდა გაეცა ნებართვა ომში ჩასართავი მოხალისეების გაგზავნაზე, ეს ნიშნავს საქართველოს პირდაპირ ჩართვას სამხედრო კონფლიქტში, აქ მთავრობას, რა თქმა უნდა, უნდა მიეღო პასუხისმგებლობით აღსავსე გადაწყვეტილება".


დღეს, პირველ მარტს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია. ზელენსკის თქმით, მიზეზი საქართველოდან მოხალისეების უკრაინაში გამგზავრებისთვის ხელშეშლა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ამორალური პოზიციაა.

მოგვიანებით უკრაინის საელჩოში ბრიფინგი ჩაინიშნა, სადაც საქართველოში უკრაინის საქმეთა რწმუნებულის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა ანდრეი კასანოვმა განმარტა, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის, იგორ დოლგოვის კონსულტაციებისთვის გაწვევას ორი საკვანძო მიზეზი აქვს: საქართველოს მთავრობის ამორალური პოზიცია საქნციებზე და მოხალისეების უკრაინაში არგაშვება.


28 თებერვალს, უკრაინის უცხოურ ლეგიონში გაწევრიანების მსურველებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში წასვლის მსურველი ქართველი მოხალისეების ჩარტერული რეისი საქართველოს მთავრობამ გააუქმა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმეორებს, რომ ხელისუფლება უთანაგრძნობს უკრაინას, თუმცა საქართველოს უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ შეუერთდება. მან ასევე თქვა, რომ სანქციები ეფექტური არ არის, ხოლო სამოქალაქო საზოგადოება უკრაინის სოლიდარობის აქციის ჩატარებისთვის გააკრიტიკა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. მათ შორის, რუსეთს საჰაერო სივრცე ჩაუკეტა 21-მა ქვეყანამ, თუმცა, საქართველოს საჰაერო სივრცე ისევ ღია რჩება.

კომენტარები