რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

Bolt: გავაუქმეთ თანამშრომლობა რუსული კომპანიების კუთვნილ იურიდიულ პირებთან საქართველოში

ესტონურმა კომპანიამ Bolt, რომელიც საქართველოშიც ოპერირებს, ბიზნეს თანამშრომლობა შეაჩერა რუსული კომპანიების საკუთრების ქვეშ არსებულ იურიდიულ პირებთან საქართველოში. აგრეთვე, ბოლტმა ფუნქციონირება შეწყვიტა ბელარუსში და ფულადი თანხით დაეხმარა უკრაინელ ხალხს.

"ბოლო დღეებში გადავწყვიტეთ, უბრალო პოსტების ნაცვლად, მოქმედებაზე გადავსულიყავით. აი, რაზე ვიმუშავეთ: უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად, Bolt-ის ყოველი შესრულებული შეკვეთიდან ევროპის რეგიონში, 5%-ს უკრაინის დამხმარე არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათ შორის, წითელი ჯვრის საზოგადოებაში გადავრიცხავთ. მომავალი ორი კვირის განმავლობაში 5 მილიონ ევროს შევაგროვებთ. პირველი მილიონი ევრო კი 1 მარტს გადავრიცხეთ.

ამასთან ერთად, ჩვენ უკვე შევაჩერეთ Bolt-ის ოპერირება ბელარუსში; გავაუქმეთ Bolt Business თანამშრომლობა რუსული კომპანიების საკუთრების ქვეშ არსებულ იურიდიულ პირებთან საქართველოში და შევწყვიტეთ რუსული წარმოების პროდუქტების გაყიდვა Bolt Market-ში. გაყიდვიდან ამოღებული პროდუქცია კი ქველმოქმედებას მოხმარდა. ერთად დავუჭიროთ მხარი უკრაინას". - წერია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები