რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

CNN: ამ კვირაში აშშ-მ უკრაინას Stinger-ის ასობით საზენიტო რაკეტა მიაწოდა

Reuters

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში აშშ-მ უკრაინას Stinger-ის ასობით საზენიტო რაკეტა მიაწოდა, მათ შორის, 200 ერთეული 28 თებერვალს. ინფორმაციას CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე აშშ-მ ბალტიის ქვეყნებს, ლიტვას, ლატვიასა და ესტონეთს უფლება მისცა, უკრაინისთვის ამერიკული წარმოების იარაღი, მათ შორის, სტინგერები მიეწოდებინათ. თუმცა, აქამდე ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სტინგერების პირდაპირ მიწოდებისგან თავს იკავებდა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები