რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

შევჩენკო: დედაჩემს და ჩემს დას ქვეყნის დატოვება არაერთხელ შევთავაზე, თუმცა უარს ამბობენ

ცნობილი უკრაინელი ფეხბურთელი, ანდრეი შევჩენკოს თქმით, ის საკუთარი დედისა და დის კიევიდან გამოყვანას ცდილობს, თუმცა ისინი მას უარს ეუბნებიან. ამის შესახებ ფეხბურთელმა Sky Sports News-თან ისაუბრა.

"დედასთან და დასთან ლაპარაკს ყოველ საათში, ყოველ 20 წუთში ერთხელ ვცდილობ, რადგან მუდმივად რაღაც ხდება. ქალაქები სარაკეტო თავდასხმების ქვეშ არიან, უამრავი ქალაქი ამ მდგომარეობაშია, მათ შორის კიევი. დედაჩემი და ჩემი და – როგორც უამრავი სხვა უკრაინელი ქვეყნის დატოვებაზე უარს ამბობენ – რჩებიან, რომ იბრძოლონ ჩვენი ერისთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი სულისთვის. არაერთხელ ვცადე მათი ქვეყნიდან გამოყვანა, თუმცა მპასუხობენ რომ იქ დარჩენა სურთ – ასეთია უკრაინული სული!". - თქვა შევჩენკომ.

კითხვაზე სურს თუ არა ახლა თავადაც უკრაინაში ყოფნა, ლონდონში მცხოვრებმა ფორვარდმა განაცხადა, რომ ასეთი სურვილი არაერთხელ გაუჩნდა, თუმცა თვლის, რომ ქვეყანას უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გავრცელებაში და ჰუმანიტარული დახმარების მოზიდვაში უფრო მეტად გამოადგება.

"დედაჩემს არაერთხელ ვუთხარი, რომ დაბრუნება მინდა. თუმცა, ჩემი მოედანი აქ არის, რათა ხმამაღლა ვისაუბრო იმაზე თუ რა ხდება უკრაინაში, რეალურ ტრაგედიაზე, რომელსაც ჩემი ხალხი განიცდის". - თქვა შევჩენკომ.

კომენტარები