რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში შეჭრის გამო PayPal-მა რუსეთში თავისი სერვისები დახურა

საგადასახადო კომპანია PayPal-მა რუსეთში თავისი სერვისები დახურა. ამით ის შეუერთდა ბევრ სხვა საფინანსო და ტექნოლოგიურ კომპანიას, რომელმაც უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთში ოპერაციები შეაჩერა.

"არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ვაჩერებთ PayPal-ის სერვისებს რუსეთში. კომპანია დგას საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად რუსეთის მხრიდან უკრაიანაში ძალადობრივი სამხედრო აგრესიის დასაგმობობად". – აღნიშნა კომპანიის პრეზიდენტმა, დენ შულმანმა.

უკრაინის მთავრობა მოუწოდებდა PayPal-ს, რუსეთში ოპერირება შეეჩერებინა და უკრაინას ქველმოქმედებაში დახმარებოდა.

PayPal-მა აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ კომპანიამ შეძლო $150 მილიონის შეგროვება, თანხა უკრაინის დასახმარებელ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხა.

უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სხვადასხვა სახის სანქცია მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ დაუწესა. 27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. პარალელურად რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა აშშ-მაც.

27 თებერვალს  რუსეთისთვის დაწესებული სანქციები გააფართოვა ევროკავშირმაც – სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები