რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ქალაქები ირპენი და ბუჩა წყლის, საკვების, დენის გარეშე რჩება

დამწვარი რუსული სამხედრო ტექნიკა, ქალაქი ბუჩა, კიევის ოლქი. 1 მარტი, 2022
Сергій Нужненко/Radio Freedom

კიევის ოლქის ქალაქები ირპენი და ბუჩა წყლის, საკვების და დენის გარეშე რჩება, მოსახლეობას კი ქალაქების დატოვების შესაძლებლობა არ აქვს.

"ოკუპანტები არღვევენ საერთაშორისო სამართლის ნორმებს, ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, "მწვანე კორიდორებს", მძევლად იყვანენ ქალებს და ბავშვებს, ტექნიკას და სამხედრო მასალას ათავსებენ ქალაქების საცხოვრებელ კვარტლებში, ხელოვნურად ქმნიან ჰუმანიტარულ კრიზისის დაკავებულ დასახლებულ პუნქტებში" - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

გამოცემა უკრაინსკაია პრავდა წერს, რომ მსგავსი მდგომარეობაა ქალაქ ბუჩაშიც. ადგილობრივების ცნობით, რუსი სამხედროები ესვრიან მშვიდობიან მოსახლეობას, ხალხი სარდაფებში იმალება. მოსახლეობასთან კავშირი თითქმის არ არის, რადგან ქალაქში არ არის ელექტროენერგია. ხელისუფლება ცდილობს მოილაპარაკოს მწვანე კორიდორებზე ბუჩიდან და მეზობელი გოსტომელიდან, თუმცა ჯერჯერობით ევაკუაცია შეუძლებელია.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები