რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

IAEA: ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ვითარება გართულებულია. ინფრომაციას სააგენტო უკრაინული მხარის მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის, რაფაელ გროსის თქმით, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხო მართვის უზრუნველსაყოფად, უკიდურესად მნიშვნელოვანია ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის შეცვლა, რადგან ელექტროსადგურის დაახლოებით 210 თანამშრომელი უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე ადგილზე იმყოფება და მუშაობს.

უკრაინული მხარის ცნობით, ტექნიკური და უსაფრთხოების პერსონალის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება და მათ ახლო მომავალში აღარ ექნებათ წვდომა საკვებზე, წყალსა და აუცილებელ მედიკამენტებზე.

გროსის თქმით, პერსონალის უსაფრთხოებისთვის ცვლების შეცვლა და დასვენება აუცილებელია, არამხოლოდ ობიექტზე მომუშავე თანამშრომლებისთვის, არამედ საერთო ბირთვული უსაფრთხოებისთვისაც.

გარდა ამისა, გროსმა აღნიშნა, რომ კავშირი ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოების კონტროლის სისტემებთან, რომლიდანაც სააგენტო მონაცემებს დისტანციურად იღებდა, დაკარგულია.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები