რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიმართვა რუსეთის ომზე უკრაინაში

ევანგელურ-ლუთერულმა ეკლესიამ რუსეთის ომზე უკრაინაში მიმართვა გამოაქვეყნა, სადაც ეკლესია ძალადობას გმობს და წერს, რომ ერთი ქვეყნის მატყუარა მთავრობამ ყოველგვარი უფლებების დარღვევით თავის ჯარისკაცებს უბრძანა, დასხმოდნენ თავს მეორე ქვეყანას.

მიმართვას სრულად გთავაზობთ:

"შეძრწუნებულები და გაოგნებულები ვართ ჩვენს მეზობელ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. შეძრწუნებულები და გაოგნებულები შევყურებთ, როგორ იღუპებიან უდანაშაულო ადამიანები. როგორც ეკლესია, ვგმობთ ძალადობას, უფლებების ხელყოფას და მსხვერპლის მხარეზე ვართ, რომელიც ამ ომს შედეგად მოყვება, პირველ რიგში, უკრაინაში, შემდეგ კი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ჩვენ, სამხრეთ კავკასიის ევანგელიურ-ლუთერული ეკლესია მჭიდროდ ვართ დაკავშირებული უკრაინის და რუსეთის ლუთერულ ეკლესიებთან და სამრევლოებთან. დაკავშირებული ვართ სამართლიანი მშვიდობისთვის,ტანჯვის და ომის დასასრულისთვის და სამართლიანობის აღდგენისთვის ლოცვით. ღმერთი მშვიდობის და სამართლიანობის ღმერთია.

გერმანიის ევანგელიური ეკლესიის (EKD) უმაღლესმა წარმომადგენელმა და ამავე ეკლესიის საბჭოს თავმჯდომარემ ანეტე კურშუსმა ბერლინში გამართულ სამშვიდობო აქციაზე წარმოთქვა სიტყვები, რომლებსაც ჩვენც ვუერთდებით:

ევროპაში ომი მძვინვარებს. რაც ამდენ ხანს წარმოუდგენლად მიგვაჩნდა, რეალობად იქცა. ეს რეალობა სასტიკია. ერთი ქვეყანა მეორეს დაესხა თავს. ქვეყანა არა – მინდვრები, სახნავ-სათესები და მდინარეები არავის ესხმის თავს. ომში ისინიც ადამიანებივით იტანჯებიან. ერთი ქვეყნის მატყუარა და ძალაუფლებას მოწყურებულმა მთავრობამ ძალადობრივად გზით და ყოველგვარი კანონის დარღვევით უბრძანა თავის ჯარისკაცებს, თავს დასხმოდნენ მეორე ქვეყანას. ეს დანაშაულია. ადამიანებს უკრაინაში აფეთქებენ და ბომბებს ესვრიან, ისინი თავს იცავენ, ასობით ათასი ადამიანი სარდაფებს აფარებს თავს ან ქვეყნიდან გარბის საკუთარი და თავიანთი შვილების სიცოცხლის გადასარჩენად. არც ესხმის თავს ერთმანეთს. მამაცი დემონსტრანტები, მწერლები, მეცნიერები და ხელოვანები გამოდიან მოსკოვში ომის საწინააღმდეგო აქციებზე. საკუთარი მთავრობა ესხმის თავს ყველას, ვინც საბრძოლველად გაგზავნილი ახლობელი ადამიანების სიცოცხლეზე ღელავს. დავიცვათ სიზუსტე ფიქრებსა და სიტყვებში.

შეძრწუნების მიუხედავად, ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება: არ მივცემთ უფლებას სიძულვილს, წარგვმართოს. ჩვენ წინ აღვუდგებით ძალადობის სპირალს. ჩვენ ვერ გავუკეთებთ ომის მოყვარულ რუსეთის სამხედრო წრეებს საჩუქარს და მის ხალხს ვერ შევიძულებთ. სიძულვილის ომში არ ჩავერთვებით. და (. . .) ყველგან ავიმაღლებთ ხმას, სადაც ღმერთის და რწმენის გამოყენებას შეეცდებიან ავტოკრატული ძალაუფლების ამ საშინელ თამაშში. მახსენდება ბიბლიის იგავი კაენსა და აბელზე. "ეს რა ჩაიდინე?", ჰკითხა უფალმა ძმისმკვლელს. "ეს რა ჩაიდინე, შენი ძმის სისხლი მიწიდან შემომღაღადებს". უკრაინაში დაღვრილი სისხლი ცას შეჰღაღადებს. ცას შეჰღაღადებს ძმური ერების მტრობის ამბავი. ოჯახების ნგრევის ამბავი. ზეცა ამ ღაღადის მოსასმენად არ დაყრუვდება და არ დამუნჯდება. მსხვერპლს და მოძალადეს სამართალი ელის – მე ამის იმედი მაქვს, ამისთვის ვლოცულობ. არა მხოლოდ მოკლულების სისხლი, არა მხოლოდ მებრძოლების შიშით დაღვრილი ოფლი, არა მხოლოდ ლტოლვილების ცრემლები შეჰღაღადებს ცას. ჩვენი სოლიდარობის ხმებიც ცამდე აღწევს, ჩვენი ფიქრები და ლოცვები, ჩვენი შეძრწუნებული დუმილიც კი (...)

ომში ბრძოლა იარაღით ხდება. თუმცა სიტყვები და ფიქრები, ჭორები და ტყუილები, საკუთარი და სხვების ყალბი სურათებიც იარაღია. ნუ გვეგონება, რომ არაფრის გაკეთება შეგვიძლია! ნუ გვეგონება, რომ ჩვენს სიტყვებს, ფიქრებს და სურათებს ძალა არ აქვს. ომისთვის მთავარი საბრძოლო იარაღია, მშვიდობისთვის კი ჩვენ. ჩვენ უნდა შევძლოთ სწორი სიტყვების მოძებნა, უსამართლობისთვის სახელის დარქმევა – და არა სიძულვილი.

ჩვენ უნდა შევძლოთ უკრაინაში ნაწამები და მეზობელ ქვეყნებში შეშინებული ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოჩენა – არა იაფფასიანი სოლიდარობის, არამედ ისეთის, რომლისთვისაც საფასურის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ უნდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება რუსეთში იმ ადამიანების მიმართ, ვინც ომის წინააღმდეგია. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ლტოლვილობაში მყოფ ადამიანებს, გავუხსნათ მათ ახალი გზები და მივიღოთ ისინი, რომ გადარჩენა შეძლონ.
ომში დაღვრილი სისხლი ცას შეჰღაღადებს. ღმერთი ღაღადს შეისმენს – მე ამის მჯერა. ღმერთი მშვიდობის ღაღადსაც შეისმენს: უკრაინის ქალაქებში და სოფლებში, რუსეთის ქალაქებში და სოფლებში, უწყებებში და კრემლის დარბაზებში. ჩვენი ყველასი ესმის იმ ერთ ზეცას, რომელიც ჩვენს თავზეა გადაჭიმული".

კომენტარები