რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

42 სენატორი ბაიდენს მოუწოდებს უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს

პოლონეთის საჰაერო ძალების МиГ-29
Sky News

42 რესპუბლიკელი ამერიკელი სენატორი ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებს,  დაუშვას პოლონეთის საკუთრებაში მყოფი MiG-29-ის გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემა. 

ორმოცდაორმა სენატორმა ხელი მოაწერა აიოვას და იუტას შტატის სენატორების - ჯონი ერნსტისა და  მიტ რომნის წერილს. სენატორთა მიმართვა ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს მოუწოდებს, უპასუხოს უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნას, რომ დასავლელი პარტნიორებისგან რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად საბრძოლო თვითმფრინავები მიიღოს.

"გთხოვთ, დაუყოვნებლად იმოქმედოთ და უზრუნველყოთ სასწრაფო საჭირო საჰაერო ძალები უკრაინისთვის, რათა გაძლიერდეს  შეიარაღებული ძალების უნარი, რომ დაიცვან საკუთარი ქვეყანა და დაეხმარონ მშვიდობიან მოსახლეობას". - ვკითხულობთ წერილში. 

სენატორები იმედოვნებენ, რომ შეძლებენ თეთრ სახლზე ზეწოლას, რათა ადმინისტრაციამ ბევრად უფრო მკაცრი პოზიცია დაიკავოს. მათი განმარტებით, თუ გავითვალისწინებთ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციის ცვლილებას უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად, სენატორთა მოწოდება დიდი ალბათობით შედეგს გამოიღებს. სენატმა რუსეთის წინააღმდეგ სანქცირებაზე, ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის შეჩერებასა და რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვაზე უკვე მიიღო ორპარტიული გადაწყვეტილება. 

"საკმარისი საუბარია, ხალხი იხოცება. გაუგზავნეთ მათ თვითმფრინავები, რომლებიც მათ სჭირდებათ". - თქვა სენატორმა რომნიმ. 

9 მარტს ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ არ უჭერს მხარს უკრაინისთვის MiG-29-ების გადაცემას, რასაც რესპუბლიკელი სენატორების მკაცრი კრიტიკა მოჰყვა

8 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომლის თანახმადაც ქვეყანა მის მფლობელობაში არსებულ ყველა MiG-29 თვითმფრინავს აშშ-ს გადასცემდა. ავიაგამანადგურებლებს გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე გადაიყვანდნენ. განცხადების მიხედვით, პოლონეთმა გადაწყვეტილება აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის მიერ NATO-ს წევრი ქვეყნებისთვის უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემაზე მწვანე შუქის ანთების კონტექსტში მიიღო.

6 მარტს ენტონი ბლინკენმა თქვა, რომ NATO-ს წევრი ქვეყნები, რომლებსაც უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემა სურთ, მწვანე შუქს მიიღებენ. მისივე თქმით, ამ საკითხის განხილვა უკვე დაწყებული იყო პოლონეთთან.

აქამდე, გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თუ პოლონეთი უკრაინას MiG-29-ებს გადასცემდა, აშშ ვარშავას F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებით მოამარაგებდა, რასაც პოლონურმა მხარემ სიცრუე უწოდა. თუმცა, შემდეგ ცნობილი გახდა, რომ აშშ პოლონეთთან მუშაობდა, რათა ვარშავას უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლები მიეწოდებინა. როგორც აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა თქვა, ისინი ამ საკითხთან დაკავშირებით პოლონეთთან საუბრობდნენ. სწორედ ამის შემდეგ, 8 მარტს, პოლონეთის მხარემ გამოაქვეყნა განცხადება აშშ-სთვის MiG-29-ების გადაცემასთან დაკავშირებით.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები