რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს ისევ აფართოებს

Reuters

ევროკავშირი მოსკოვს შეუჩერებს ვაჭრობაში უპირატესი პარტნიორის სტატუსს, შეუზღუდავს კრიპტოაქტივების გამოყენებას და აკრძალავს რუსეთში ევროკავშირის ფუფუნების საქონლის ექსპორტს და რკინისა და ფოლადის საქონლის იმპორტს.

"ხვალ მივიღებთ შეზღუდვების მეოთხე პაკეტს რუსეთის შემდგომი იზოლაციისა და იმ რესურსების ამოწურვის მიზნით, რომელსაც ის იყენებს ამ ბარბაროსული ომის დასაფინანსებლად". - თქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ფონ დერ ლაიენმა განმარტა, რომ ევროკავშირი მუშაობს რუსეთის წევრობის უფლებების შეჩერებაზე წამყვან მრავალმხრივ ინსტიტუტებში, მათ შორის საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში.

ევროკავშირის სტატისტიკური სამსახურის Eurostat-ის მონაცემებით, 2019 წელს რუსეთიდან ევროკავშირის საქონლის იმპორტმა შეადგინა 145 მილიარდი ევრო, აქედან 101 მილიარდი ევრო ნავთობისა და გაზისთვის იყო.

პარალელურად, ამერიკის შეერთეთებული შტატები რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთიდან აიკრძალება არყის, ზღვის პროდუქტებისა და ბრილიანტების იმპორტი.

ასევე, ბაიდენმა რუსეთს "უპირატესი პარტნიორის" სტატუსის გაუქმება მოითხოვა. გადაწყვეტილება G7-ის ქვეყნებთან და ევროკავშირის პარტნიორებთან კორდინირებით იქნა მიღებული. რუსეთის სავაჭრო სტატუსის ცვლილილება აშშ-ს და მოკავშირეებს საშუალებას მისცემს დააწესონ უფრო მაღალი ტარიფები ზოგიერთ რუსული პროდუქტის იმპორტზე, რაც კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის ეკონომიკის იზოლაციას.

ამასთანავე, აშშ-ს პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აშშ მოკავშირეებთან ერთად გააფართოებს სანქციებს რუს ოლიგარქებსა და მათ ოჯახის წევრებზე.

10 მარტს დიდმა ბრიტანეთმა რუს მაღალჩინოსნებს და ოლიგარქებს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელი, სერგეი ნარიშკინი და ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი.

სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ როსნეფტის აღმასრულებელი დირექტორი, იგორ სეჩინი, გაზპრომის ხელმძღვანელი, ალექსეი მილერი, VTB-ის ხელმძღვანელი, ანდრეი კოსტინი, ოლიგარქები - რომან აბრამოვიჩი და ოლეგ დერიპასკი. ბრიტანეთის ახალი სანქციები ასევე შეეხება ბელარუსში რუსეთის ელჩს, ბორის გრიზლოვს, სენატორ ანდრეი კლიშასასა და რუსეთის ფედერალური საბჭოს თავმჯდომარეს, ვალენტინა მატვინენკოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. რუსეთის ბაზარს ტოვებს სხვადასხვა საერთაშორისო კომპანია.

კომენტარები