რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სალივანი: ამერიკელი ჟურნალისტის შოკისმომგვრელ და შემზარავ მკვლელობას შედეგები ექნება

MARK MAKELA / GETTY IMAGES

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა დაგმო უკრაინაში რუსი სამხედროების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა და თქვა, რომ ამას აშშ-ს მხრიდან "შესაბამისი შედეგები" მოჰყვება.

"ეს აშკარად შოკისმომგვრელი და შემზარავია. მექნება კონსულტაციები ჩემს კოლეგებთან და უკრაინელებთან იმის დასადგენად, თუ რა მოხდა და განვსაზღვრავთ შესაბამისი შედეგებს. ეს რუსების მხრიდან თავხედური აგრესიის ნაწილია, როდესაც ისინი მიზანში იღებენ მშვიდობიან მოსახლეობას, საავადმყოფოებს, სალოცავებსა და ჟურნალისტებს". – თქვა სალივანმა.

13 მარტს ქალაქ ირპენში რუსი ოკუპანტების მიერ უცხოელი ჟურნალისტების მანქანისთვის ცეცხლის გახსნას ამერიკელი ვიდეორეპორტიორის, 51 წლის ბრენტ რენოს სიცოცხლე ემსხვერპლა.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით რენო The New York Time-ისთვის მუშაობდა. თუმცა გამოცემა ჟურნალისტის დაღუპვას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამჟამად ის უკრაინაში NYT-ის დავალებით არ მუშაობდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები