რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმებს, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა

დონეცკის ოლქში, ქალაქი კრამატორსკში რუსი ოკუპანტების მხრიდან დაბომბვას, სულ მცირე, 2 ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას ქალაქის მერი, ოლეკსანდრ გონჩარენკო ავრცელებს.

"კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა". - წერს გონჩარენკო.

ინფორმაციასთან ერთად გონჩარენკო შემთხვევის ადგილის ფოტოს ავრცელებს, რომელზეც აფეთქების შედეგად გაჩენილი კრატერი ჩანს. 


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები