ფორმულას გადამღებ ჯგუფზე თავდასხმაზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო.
უწყების ცნობით, საგამოძიებო სამსახურში დაიწყო გამოძიება ტელეკომპანია “ფორმულა”-ს თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით.
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური შემჭიდროვებულ ვადებში ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებს, დამნაშავე პირის დადგენისა და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღების მიზნით".- აღნიშნულია განცხადებაში.
ფორმულას ინფორმაციით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩაზე გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ.
როგორც ტელეკომპანიის რეპორტიორი, ნანო ჩაკვეტაძე ყვება, ისინი აბაშიძის ქუჩაზე კაფესთან შეთანხმებულად წერდნენ რესპონდენტს, რა დროსაც ერთ-ერთმა იქ მყოფმა სტუმარმა აგრესია მას შემდეგ გამოხატა, რაც გაიგო რომ ფორმულას თანამშრომლები იყვნენ.
ფორმულას ინფრომაციით, ნაცემია 2 ოპერატორი, ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება ნანო ჩაკვეტაძესაც.