რუსეთ-საქართველო

პაპუაშვილი რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: გავიდა რამდენიმე კვირა, რამე დრამატული მოხდა?

კადრი ვიდეოდან / მაესტრო

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, 3 მარტიდან მოყოლებული, სოციალურ ქსელებსა და მედიაში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის თემაზე აგორდა ტალღა, რომელიც "ძალიან ახლოს დგას ქსენოფობიის ზღვარზე“. მისი მტკიცებით, განზრახ ინერგებოდა შიში საზოგადოებაში, თითქოს "იყო მომწყდარი რუსეთის ასი ათასობით მოქალაქე, 120 000 მოქალაქე, და თითქოს ამით მოხდებოდა საქართველოს დაპყრობა". პაპუაშვილის თქმით, ამის შედეგი იყო "სიძულვილის გამოვლენა რუსული შესახედაობის ადამიანების მიმართ, მათ შორის. იყო რამდენიმე ფაქტი – როგორც ვერბალური, ისე ფიზიკური ძალადობის გამოვლენა". ის არასამთავრობო ორგანიზაციებს და სახალხო დამცველს დაგვიანებული გამოხმაურებისთვის აკრიტიკებს.

"სამწუხაროა, სხვათაშორის, და აქაც ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია ან საერთოდ არ გამოეხმაურა ამ საკითხს, ან ისე გამოეხმაურა, რომ პირიქით, ხელი შეუწყო ქსენოფობიური ტენდენციების გაღვივებას. მათ შორის, სამწუხაროდ, სახალხო დამცველიც მხოლოდ 8 თუ 9 დღის შემდეგ გამოეხმაურა ამ ფაქტს ტოლერანტობის საბჭოსთან ერთად და გაამახვილა ყურადღება, რომ აქ, რა თქმა უნდა, არის რისკები ქსენოგობიის გაღვივებისა.

ყველანაირად ვხედავთ, რომ დრამატული ზრდა არ არსებობს, გასაგებია, რომ რუსეთიდან იქნება მოქალაქეების გადინება, ომში არის ქვეყანა და აწარმოებს აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ და, რა თქმა უნდა, იქნებიან მოქალაქეები, რომლებიც ტოვებენ ქვეყანას და, რა თქმა უნდა, ზოგიერთი ალბათ ჩვენთანაც შემოვა, მაგრამ ამისი დრამატიზება, თითქოს ეს იყოს რაღაც დაგეგმილი ოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, კიდევ ერთხელ აჩვენებს, ამხელს დღის წესრიგს ზოგიერთი ოპონენტის, რომ რაიმენაირად არიონ ქვეყანაში სიტუაცია.

ხომ გავიდა რამდენიმე კვირა, რამე დრამატული მოხდა? რამეს ვხედავთ განსაკუთრებულს? ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ხელისუფლების მშვიდი, ამავე დროს ძალიან მტკიცე პოლიტიკის შედეგებს" - ამბობს პაპუაშვილი.

შინაგან საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან სამ კვირაში საქართველოში რუსეთის 30 439 მოქალაქე შემოვიდა. აქედან, დაახლოებით, 12 000 ადამიანი არ გასულა. ვახტანგ გომელაურის თქმითვე, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ათჯერ გაიზარდა ქვეყანაში შემოსული ბელარუსის მოქალაქეების რაოდენობა. 

უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო მსოფლიოს ქვეყნების მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთის მოქალაქეები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ, მათ შორის, საქართველოში მიემგზავრებიან. 

პარალელურად, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა უკვე დაიწყო მუშაობა კანონპროექტის გამკაცრებაზე, რომელიც "ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული".  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს, გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები