რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვის საფონდო ბირჟა ერთთვიანი პაუზის შემდეგ ნაწილობრივ გაიხსნა

REUTERS/Maxim Shemetov/

მოსკოვის საფონდო ბირჟა რუსეთ-უკრაინის ომის გამო თითქმის ერთთვიანი დახურვის შემდეგ ნაწილობრივ გაიხსნა თუმცა, გარკვეული შეზღუდვებით. ხელახლა გახსნის შემდეგ ბირჟაზე მხოლოდ რუსეთის მთავრობის მიერ გამოშვებული ობლიგაციებით ვაჭრობაა შესაძლებელი. მოსკოვის ბირჟის წარმომადგენლის, ანდრეი ბრაგინსკის თქმით, იგი იმედოვნებს, რომ აქციებით ვაჭრობა მალე დაიწყება. 

საფონდო ბირჟა 21 მარტს 13:00 საათზე გაიხსნა, მაგრამ მხოლოდ OFZ ობლიგაციებისთვის - რუსული ფედერალური სესხის ვალდებულებისთვის.

წინასაბაზრო ვაჭრობისას, სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალი თითქმის 20%-ით გაიზარდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. წინასაბაზრო ვაჭრობის დროს რაც უფრო მაღალია პროცენტი, მთავრობას მეტის გადახდა უწევს სესხის აღებისთვის, ასევე, მაღალი პროცენტი მიუთითებს იმაზე, რომ ინვესტიცია სარისკოა. ვაჭრობის დაწყების შემდეგ, მაჩვენებელი 13%-მდე ჩამოვიდა.

ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა, ელვირა ნაბიულინამ თქვა, რომ ბანკი შეინარჩუნებს ძირითად საპროცენტო განაკვეთს 20%-მდე და შეიძენს სახელმწიფო ობლიგაციებს არასტაბილურობის შესამცირებლად. 

რუსული რუბლი ორშაბათს დოლართან მიმართებით სტაბილურია და 104,83 რუბლს შეადგენს. თუმცა, 24 თებერვლის შემდეგ, ის, დაახლოებით, 1/4-ით შემცირდა.

რუსეთში ზოგიერთი სუპერმარკეტი ისეთ სასურსათო პროდუქტებს, როგორიცაა მარილი და ზეთი, შეზღუდული რაოდენობით, რაციონებად ყიდის.

მოსკოვის საფონდო ბირჟა დაიხურა 24 თებერვალს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა დაიწყო. მოსკოვის საფონდო ბირჟის არ გახსნის მთავარ მიზეზად რუსეთის კაპიტალის ბაზრის და საფინანსო სექტორის ჩამოშლის შეკავება დასახელდა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები