რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: ევროკავშირი უკრაინისთვის დამატებით 500 მილიონ ევროს გამოყოფს

ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას კიდევ 500 მილიონი ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა გადასცენ. 

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, არის ომის დანაშაული, მასიური სამხედრო დანაშაული, რომელიც ჩაიდინა რუსეთის შეიარაღებული ძალებმა უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, ჩვენ მივესალმებით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ შექმნილ საგამოძიებო კომისიას. ჩვენ მივესალმებით საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის გამოძიებას და კიდევ ერთხელ ვახსენებთ საერთაშორისო სამართლის ბრძანებას, რომ შეწყვიტოს რუსეთმა ცეცხლი". - თქვა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ჯოზეფ ბორელმა. 

ამავდროულად, მინისტრებმა განიხილეს ახალი შესაძლო სანქციების სია, მათ შორის, ისეთი კონფლიქტური საკითხიც, როგორიც რუსული ნავთობზე ემბარგოა. 

"შეკითხვა ნავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით არ არის ჩვენს სურვილზე დამოკიდებული, არამედ იმაზე, თუ რამდენად დამოკიდებული ვართ ნავთობზე და ეს მაჩვენებელი ევროკავშირის ქვეყნებში განსხვავებულია, სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი ამაზე საუბარი და იმპორტის შესამცირებელი გზების მოძიება". - ამბობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი.

პოლონეთი და ბალტიისპირა ქვეყნები ევროკავშირს კვლავ უფრო მკაცრი სანქციების დაწესებისკენ, მათ შორის, სახმელეთო და საზღვაო ვაჭრობით აკრძალვისკენ მოუწოდებენ.

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ასევე ოფიციალურად დაამტკიცეს 2030 წლისთვის გეგმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის გაძლიერების შესახებ, რომელიც ცნობილია, როგორც სტრატეგიული კომპასი.


რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები