რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ირპენის მერი: ქალაქის 80% უკრაინის კონტროლის ქვეშაა

ქალაქ ირპენის მერის, ოლეკსანდრ მარკუშინის თქმით, ქალაქის 80%-ს უკრაინელები აკონტროლებენ. უკრაინულ ტელევიზიასთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ ქალაქი გამუდმებით იბომბება. 

"ჩვენი ქალაქი გამუდმებით იბომბება GRAD სისტემით. ძალიან მასიურად. ისინი ბომბავენ საცხოვრებელ ტერიტორიებს მრავალსართულიანი შენობებით". – თქვა მარკუშინმა

მარკუშინმა ასევე აღნიშნა, რომ მასიური ევაკუაციის მიუხედავად, ქალაქში 6 000-მდე ადამიანია რჩება, ხოლო სხვადასხვა პატარა ჯგუფების ევაკუაცია ყოველ დღე ხდება.

უკრაინის ეროვნულმა პოლიციამ კიევის ოლქში, ირპენში მუშაობა განაახლა. კლიმენკოს ინფორმაციითვე, ქალაქი დივერსანტებისგან იწმინდება, თუმცა იმ მოსახლეობის დახმარება და გაყვანა, ვინც კვლავ ირპენშია, მთავარ მიზნად რჩება. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები