რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბუჩასთან ავტოფარეხში 11 ცხედარი იპოვეს, ხალხის თქმით, რუსები სროლაში ვარჯიშობდნენ – ავაკოვი

უკრაინის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, არსენ ავაკოვი წერს, რომ ბუჩას მახლობლად პოლიციამ 11 ადამიანი ცხედარი იპოვა - ადგილობრივები ამბობენ, რომ რუსი ოკუპანტები მშვიდობიან მოქალაქეებზე სროლაში ვარჯიშობდნენ. 

"დღეს გოსტომელში, ბუჩას მახლობლად, სვიატოპოკროვსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ავტოფარეხში პოლიციამ 11 დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქე იპოვა. ფოტოების დადება არ შემიძლია... ადგილობრივები ამბობენ, რომ ორკი სნაიპერები ხალხზე სროლით ვარჯიშობდნენ, შემდეგ კი მიცვალებულებს ავტოფარეხში მიათრევდნენ". - წერს ავაკოვი. 

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ - მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ სოფელში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.  

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ. 

კომენტარები