რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ხორვატია რუს დიპლომატებს ქვეყნიდან აძევებს

რუსეთის მიერ უკრაინის მიმართ განხორციელებული სამხედრო აგრესიის გამო, ხორვატია რუსეთის საელჩოს 24 თანამშრომელს ქვეყანას ატოვებინებს. აქედან 18 დიპლომატია. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გორდან რადმანმა გაავრცელა.

"რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დავიბარეთ იმ სასტიკი აგრესიისა და დანაშაულების გამო, რასაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ სჩადის. მას ვუთხარით, რომ ზაგრებში, რუსეთის საელჩოში ადმინისტრაციულ-ტექნიკური თანამშრომლები უნდა შეამცირონ". - ამბობს რადმანი.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო, ამ დრომდე რუსი დიპლომატები საკუთარი ქვეყნებიდან იაპონიამ, მონტენეგრომ, ავსტრიამ, საბერძნეთმა, ესპანეთმა, იტალიამ, დანიამ, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბელგიამ, ირლანდიამ, შვედეთმა და საფრანგეთმაც გააძევეს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას კვლავ უწესებენ.

კომენტარები