კრიმინალი

შსს: ტაქსის მძღოლმა უცხოელები გაიტაცა და უთხრა, რომ მანქანიდან ₾500-ის სანაცვლოდ გაუშვებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გარდაბანში დააკავეს ტაქსის მძღოლი, 1993 წელს დაბადებული ა.ბ, რომელმაც უთანხმოების შემდეგ უცხო ქვეყნის მოქალაქეები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი მანქანიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს-თან და ს.ტ-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ-მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები