რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მაკრონი: გენოციდისნაირ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რუსები და უკრაინელები ძმები არიან

REUTERS/Johanna Geron

"დღეს ასეთ ტერმინებთან ფრთხილად ვიქნებოდი, რადგან ეს ორი ხალხი [რუსები და უკრაინელები] ძმები არიან". – ასე უპასუხა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ჟურნალისტის კითხვას, ეთანხმება თუ არა ის აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ტერმინ "გენოციდის" გამოყენებას უკრაინაში რუსეთის აგრესიის შესაფასებლად.

"მე მინდა, შეძლებისდაგვარად, გავაგრძელო მცდელობა ომის გასაჩერებლად და მშვიდობის აღდგენისთვის. არ ვარ დარწმუნებული, რომ რიტორიკის ესკალაცია ამას ემსახურება". – თქვა მაკრონმა.

სანფრანგეთის პრეიზდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში ომის დანაშაულები ჩაიდინეს.

რუსეთმა ცალმხრივად დაიწყო ექსტრემალურად ბრუტალური ომი, უკვე დადასტურდა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ომის დანაშაულები ჩაიდინეს და ახლა ჩვენა ამაში პასუხისმგებლები უნდა ვიპოვოთ". – თქვა მაკრონმა

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა  გაზისა და ნავთობის ტარიფებზე საუბრისას, რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილ ქმედებებს გენოციდი პირველად უწოდა.

"თქვენი ოჯახის ბიუჯეტი, საწვავის ავზის შევსება, არცერთი მათგანი არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გამოაცხადებს თუ არა დიქტატორი ომის დაწყებას და სხვა ქვეყანაში ჩაიდენს თუ არა გენოციდს. პუტინის მიერ გაზსა და ნავთობზე ფასის გაძვირების საპასუხოდ, მე გავეცი განკარგულება, რომ დღეში მილიონი ბარელი ნავთობი სტრატეგიული რეზერვიდან მოვიხმაროთ". - მიმართავს ბაიდენი ამერიკელ ხალხს. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში სამხედრო აგრესიის პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

რუსი ოკუპანტები უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს ხოცავენ – მას შემდეგ, რაც უკრაინელებმა ბუჩა დაიბრუნეს, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთი ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

კომენტარები