რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელებმა ხარკოვში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში რუსული ვერტმფრენი Ka-52 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებულმა შტაბმა გაავრცელა.

"ჩვენმა ჯარისკაცებმა ხარკოვში კიდევ ერთი რუსული ვერტმფრენი Ka-52 გაანადგურეს. 2008 წელს წარმოებულ ამ საბრძოლო ვერტმფრენს ლაზერული ქვემეხი, ანტისატანკო კომპლექსი, საავიაციო ბომბები და სხვა ტიპის იარაღი აქვს. Ka-52-ის ღირებულება დაახლოებით $16 მილიონს შეადგენს. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ". - წერს გაერთიანებული შტაბი.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

19 აპრილს რუსეთმა ომის ახალი ეტაპი წამოიწყო. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, "დაიწყო ბრძოლა დონბასისთვის".

 

კომენტარები