რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანილოვი: უკრაინისთვის აშშ-ს მიწოდებული იარაღი პოზიციებს შეცვლის, მაგრამ არც ისე სწრაფად

ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინისთვის აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი მხარეთა პოზიციებს შეცვლის, მაგრამ, მისი განმარტებით, ეს არ მოხდება "ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს".

"ეს [აშშ-ს მიერ მიწოდებული იარაღი] აუცილებლად შეცვლის მხარეთა პოზიციებს, თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ მოხდება ისე სწრაფად, როგორც ჩვენ გვსურს". - აღნიშნა დანილოვმა. 

დანილოვის ცნობით, უკრაინელ სამხედროთა დიდი ნაწილი ახლა წვრთნებს გადის. მისი განმარტებით, იმის გამო, რომ უკრაინამ ახალი იარაღი მიიღო, სამხედროებს "მასთან შეგუება სჭირდებათ", ამასთანავე ჯარისკაცები ახალი აღჭურვილობის გამოყენებას სწავლობენ, რაც ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის შეფასებით, დროს საჭიროებს.

ასევე, დანილოვმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, თუ, როდის დასრულდება ომი, მაგრამ აღნიშნა, რომ ეს არ იქნება "არც ხვალ და არც ზეგ". თუმცა, მისი თქმით, მტერი მალე იგრძნობს აშშ-სგან, ბრიტანეთისა და სხვა მოკავშირეებისგან უკრაინისთვის მიწოდებული იარაღების გამო შეცვლილ საომარ სიტუაციას. 

გუშინ, 28 აპრილს აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ უკრაინის დასახმარებლად ლენდ-ლიზის კანონი ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. კანონპროექტი შემდეგ ეტაპზე უნდა გადაეცეს აშშ-ს პრეზიდენტს. აქამდე, 7 აპრილს კანონპროექტს მხარი დაუჭირა აშშ-ს სენატმა. 

უკრაინის დემოკრატიის დაცვის ლენდ-ლიზის 2022 წლის აქტი დააჩქარებს უკრაინისთვის ომის განმავლობაში მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობისა და სხვა მნიშვნელოვანი მარაგების გადაცემას, ბიუროკრატიული პროცედურის შემცირებით. აქტი იძლევა შეიარაღების დე ფაქტოდ გაჩუქების შესაძლებლობას, დებულებით, რომ მიმღები ქვეყანა აშშ-ს მომავალში გადაუხდის.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები