ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარზე საუდის არაბეთის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal შემოდის და ოპერირებას ქვეყნის ორ აეროპორტში – თბილისსა და ბათუმში დაიწყებს.
პირდაპირი რეგულარული რეისები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის სამი ქალაქიდან: ჯედადან, რიადიდან და დამამიდან შესრულდება. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით ფრენები კი - ჯედადან და რიადიდან.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის ცნობით, ჯამში, ორივე აეროპორტის მიმართულებით Flyadeal პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთიდან კვირაში 15-ჯერ შეასრულებს - რიადი-თბილისი-რიადი - კვირაში 4-ჯერ, დამამი-თბილისი-დამამი - კვირაში 3-ჯერ, ჯედა-თბილისი-ჯედა - კვირაში 2-ჯერ, ჯედა-ბათუმი-ჯედა - კვირაში 3-ჯერ, რიადი - ბათუმი- რიადი - კვირაში 3-ჯერ.
საუდის არაბეთის დაბალბუჯეტიანი ავიაკომპანია Flyadeal-ის მფლობელი ავიაკომპანია Saudia. Flyadeal 50 Airbus A320neo და Boeing 737 MAX ფლობს.