სამედიცინო კანაფი

ლიაშკო: მინისტრთა კაბინეტმა სამედიცინო კანაფის ლეგალიზაციის კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის, ვიქტორ ლიაშკოს ცნობით, უკრაინაში მინისტრთა კაბინეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს "კანაფის მცენარეების მიმოქცევის რეგულირების შესახებ სამედიცინო, სამრეწველო მიზნებისთვის, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობისთვის, რათა შეიქმნას პირობები პაციენტებისთვის საჭირო მკურნალობაზე წვდომის გაფართოებისთვის. ომის შედეგად გამოწვეული ონკოლოგიური დაავადებებისა და პოსტტრავმული სტრესული აშლილობებისთვის". ამის შესახებ ინფორმაციას მინისტრი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"ჩვენ გვესმის ომის ნეგატიური გავლენა ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ვიცით იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებსაც ომის ზემოქმედების შედეგად სამედიცინო მკურნალობა დასჭირდებათ. ჩვენ გვემსმის, რომ ლოდინის დრო არ არის. ამის გამო, ჩვენ უკვე მოვამზადეთ საკანონმდებლო ჩარჩო უკრაინაში კანაფის წარმოების სრული ციკლის უზრუნველსაყოფად: კულტივირებიდან და გადამუშავებიდან სრულფასოვან წარმოებამდე". - წერს ლიაშკო.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამედიცინო კანაფი 50-ზე მეტ პათოლოგიურ მდგომარეობას ამსუბუქებს, მათ შორის, სამხედრო ოპერაციების შედეგად გამოწვეულ პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობას. ასევე, კანაფზე დაფუძნებული პრეპარატები გამოიყენება სიმსივნით დაავადებულ ადამიანებში სიმპტომების შესამსუბუქებლად.

უწყება იმედს გამოთქვამს, რომ უმაღლესი რადა კანონპროექტს მხარს დაუჭერს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს კანაფის კულტივირებაზე, მისგან ნარკოტიკების წარმოებასა და რეალიზაციაზე მკაცრი კონტროლის დაწესებას.

კომენტარები